19.მაისი .2022 10:15

გაძვირდება თუ არა სავალუტო სესხები?

გაძვირდება თუ არა სავალუტო სესხები?
views 3538
უკან

უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდის ტემპის შესამცირებლად ეროვნული ბანკი დამატებითი ზომების მიღებას აანონსებს. ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა გასულ კვირას “საქმის კურსს” განუცხადა, რომ უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების ზრდის ტემპი წლიურად, დაახლოებით, 14%-ია, რაც ზედმეტად მაღალი მაჩვენებელია. აქვე დაანონსდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკი 25%-დან 30-40%-მდე გაზრდის მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს უცხოურ ვალუტაში მოზიდული სახსრებისთვის, რაც საბოლოოდ, ვალუტაში სესხის აღებას გააძვირებს.

“ბოლო მონაცემებით, 14%-მდეა წლიური ზრდის ტემპი (უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების), რაც საკმაოდ მაღალია, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დოლარიზაცია გვაქვს, რაც პრობლემაა როგორც მონეტარული პოლიტიკის კუთხით, ასევე ფინანსური სტაბილურობის კუთხით”, - განაცხადა გასულ კვირას შალვა მხატრიშვილმა და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიზანი სწორედ დოლარიზაციის შემცირებაა.

საბანკო სექტორში ამბობენ, რომ ეროვნულ ბანკს სარეზერვო მოთხოვნების ზრდა შეიძლება აღარ დასჭირდეს, რადგან საკრედიტო პორტფელის ზრდა დღეს არც ისე მაღალია.

“ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ბოლო პერიოდში საკრედიტო აქტივების ზრდა არ არის ძალიან მაღალი. გაურკვეველი ვითარებიდან გამომდინარე ხალხი თავს იკავებს დამატებითი სესხების აღებისგან და შეიძლება ამის საჭიროება (სარეზერვო მოთხოვნების ზრდის) არ დადგეს”,- ამბობს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

საბანკო ასოციაციაშიც აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წლიდან უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება შემცირებულია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამიტომ დამატებითი შეზღუდვების საჭიროება მათი თქმით, არ არსებობს. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, უცხოურ ვალუტაში სესხებთან მიმართებით მიდგომა დღეს იმაზე მკაცრია, ვიდრე შესაძლოა, ყოფილიყო.

"აპრილის მაჩვენებლები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ მარტის მდგომარეობით, დოლარიზაციის მაჩვენებელი გაუარესებულია 2021 წელთან შედარებით. აპრილის მაჩვენებელი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ პერიოდში ლარი გამყარდა, რაც მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას ლარიზაციის მაჩვენებელზე. დიდი იმედი მაქვს, აღარ იქნება აღნიშნული ზომების (სარეზერვო მოთხოვნების ზრდის) მიღების აუცილებლობა. აქტიურობა უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის კუთხით მნიშვნელოვნად არის შემცირებული 2021 წელთან შედარებით.

ასევე, როგორც იცით, იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით მაისში კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედდა და ახალი წნეხი წამოვიდა, განსაკუთრებით ეს ეხება ცვლადგანაკვეთიან სესხებს უცხოურ ვალუტაში. ამიტომ წლის ბოლომდე აქტივობა შემცირდება.

თან მოლოდინები ეკონომიკასთან მიმართებით, არ არის ისეთი პესიმისტური, როგორც იყო მარტში, რაც საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ სებ-ი მკაცრი არ იქნება”, - აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?

თქვენ მიერ ბანკში შეტანილი დეპოზიტის გარკვეული ნაწილი არა უშუალოდ ამ ბანკში, არამედ საქართველოს ეროვნულ ბანკში ინახება. ბანკებს ლიცენზიის შესანარჩუნებლად მთლიანი დეპოზიტების გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა ჰქონდეთ განთავსებული.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია; როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავის მხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება. ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი, კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი, იზრდება.

შესაბამისად, სარეზერვო მოთხოვნის ზრდით საპროცენტო განაკვეთების ზრდის შემთხვევაში სესხის მიღების მსურველისთვის უცხოური ვალუტის სესხი ძვირდება, რაც ბაზარზე ლარის სესხის კონკურენტუნარიანობას ზრდის.