მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა წამლები? - სექტორი კანონპროექტის განხილვაში ჩართვას გეგმავს

5efa23e744440
ინგა მურუსიძე
29.06.20 23:40
922
საქართველოში ახალი მედიკამენტების ხარისხის აღიარების პროცესს 7 დღე ესაჭიროება, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის უწყებას პარლამენტში ინიცირებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც წამლის რეგისტრაციის ვადა 30 დღემდე გაიზრდება. ამას გარდა, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები ჯანდაცვის სექტორში სხვა ცვლილებებსაც მოიცავს.

კანონპროექტს აკრიტიკებს ბიზნეს ასოციაცია. როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ცვლილებით “შეუსაბამოდ იზრდება მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებები, რთულდება ფარმაცევტული პროდუქტის ბაზარზე დაშვების პირობები, სუსტდება სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სასამართლოს როლი და მკვეთრად იზრდება გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა.”

ამ კუთხით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ bm.ge ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი მარგველაშვილს ესაუბრა:

„არსებობს მედიკამენტის აღიარებითი რეგისტრაცია და ეროვნული რეგისტრაცია. როდესაც მედიკამეტს პირველად არეგისტრირებ, შემოგაქვს ახალი მედიკამენტი და თუკი ამ პროცესს 7-ის ნაცვლად 30 დღე დასჭირდება, ეს პრობლემა არ არის. მაგრამ პრობლემა არის შემდეგში: თუკი მწარმოებელმა მედიკამენტის კოლოფზე დაამატა ერთი ციფრი, ან ერთი წერტილი, ამის გამო იმპორტიორმა წამლის სააგენტოში უნდა წარადგინო დოკუმენტი. წინასწარ იმის თქმა, რომ კოლოფზე რაიმე ცვლილება არ იქნება, ვერ მოხდება. საუბარი არ არის მედიკამენტის ხარისხზე.

როცა ასეთი ცვლილების დროს წამალი შემოდის საბაჟოზე, საჭიროა ორი ფურცლის, ორი - სამი დოკუმენტის მომზადება, რომელსაც იმპორტიორი წარადგენს. 7 დღე საკმარისია ამ პროცედურისთვის, რადგან არც დოსიეა წასაკითხი და არაფერი, უბრალოდ ორი ფურცელი უნდა ნახოს მარეგულირებელმა. მთელი ეს პერიოდი იმპორტიორი აბსოლუტურად ლოგიკურად და კანონზომიერად იხდის ჯარიმას იმისთვის, რომ მედიკამენტის კოლოფზე ცვლილების საკითხი წინასწარ არ იცოდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ის განმარტავს, რომ აღნიშნული ორი დოკუმენტის მომზადება არ არის რთული ამბავი, არც მისი გადამოწმება, ამიტომ სააგენტოსთვის მათი შემოწმება და 7 დღეში მედიკამენტის განბაჟებისთვის ნებართვის მიცემა აბსოლუტურად საკმარისი დროა.

სწორედ აქ ხედავს მარგველაშვილი რისკს იმისა, რომ წამლის ფასი გაიზრდება. მისი შეფასებით, საბაჟოზე წამლის დაყოვნებისას დაწესებული გადასახადი საკმაოდ მაღალია და ამ თანხის 30 დღის განმავლობაში გადახდა იმპორტიორს საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება.

სექტორის წარმომადგენელი არ ეთანხმება წამლის სააგენტოს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ უწყებას დაფინანსება და შესაბამისად, თანამშრომლების რაოდენობა არ ყოფნის იმისთვის, რომ დოკუმენტები დროულად შეისწავლოს. ამაზე მარგველაშვილი ამბობს: „საუბარია მხოლოდ ორ დოკუმენტზე. თუ დაფინანსება არ ყოფნით, ეს გაზარდონ, დამატებითი თანამშრომლები აიყვანონ. ამის გამო ჩვენი დაზარალება არასწორია“.

„ჩვენთან არავითარი კომუნიკაცია წინასწარ არ ყოფილა. ჩვენ აუცილებლად მივალთ პარლამენტში და დავაფიქსირებთ ჩვენს მიმართვას, რომ კანონი ამ სახით არ უნდა იქნას მიღებული.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორი, ირაკლი მარგველაშვილი გეგმავს, რომ პარლამენტში საკითხის განხილვებს დაესწროს და ტიკარაძის უწყებას სექტორის წარმომადგენელთა მოთხოვნა გააცნოს.

„ამ დრომდე ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ კანონი ამ სახით არ იქნას მიღებული და ზოგადად, ვფიქრობთ, რომ მსგავსი ცვლილებები სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განხილვის შედეგად იყოს მიღებული“, - თქვა მარგველაშვილმა.