მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა ხორბალი და ფქვილი საქართველოში? - ასოციაციის მოლოდინი

63623afa41323
ვიქტორია მღებრიშვილი
02.11.22 13:38
822
ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციაში, რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების პირობებში, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის რადიკალურად გაძვირებას არ ელოდებიან. აქედან გამომდინარე, გაერთიანებაში აცხადებენ, რომ 2-თვიან პერიოდში პურის გაძვირებასაც არ უნდა ველოდოთ.

საკითხზე დეტალურად, ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ ისაუბრა.

მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე მდგომარეობა ძალიან სწრაფად იცვლება. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა და ამ შეთანხმებიდან არ გასულა, გაერთიანებაში თვლიან, რომ მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება კვლავ აქტიური რჩება. ამის დასტურად კი ლევან სილაგავა უკრაინული პორტებიდან ხორბლით დატვირთული გემების გასვლას ასახელებს.

ის ამბობს, რომ ხორბლის ბაზარზე სტაბილიზაცია გარკვეულწილად შენარჩუნდება, ფასები მოიმატებს, მაგრამ არა იმდენად, რა მოლოდინიც გაჩნდა რუსეთის მიერ „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ პირველი განცხადების შემდეგ იყო.

„ჩვენ გლობალური თანამეგობრობის წევრები ვართ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული მდგომარეობა საქართველოზეც აისახება გაძვირებული ხორბლის, თუ ფქვილის შემოსვლა იქნება. დღეს, ქვეყანაში ხორბლის 2-თვიანი გარდამავალი მარაგი გვაქვს, აქედან გამომდინარე, გაძვირებული ხორბლის შემოტანა, არსებული მარაგებით დაბალანსდება.

მარაგი მუდმივად არ დევს, ის იხარჯება. გაძვირების გადაცემის ეფექტი დაახლოებით 1 თვე იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ ხორბალი და ფქვილი ქვეყანაში იმდენად არ გაძვირდება, რომ ეს საბოლოო პროდუქტზე სერიოზულად აისახოს. თუ საერთაშორისო ბაზარზე ფასები კატასტროფულად არ მოიმატებს, 1 თვის განმავლობაში ფქვილის ღირებულება დაახლოებით 1-2 ლარით გაძვირდება“, - განმარტა ლევან სილაგავამ და დასძინა, რომ 1-2-ლარიანი გაძვირება პურს ვერ გააძვირებს.