მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირებულ პროდუქციას ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ, ამას ვერ ავცდებით - სოსო ფხაკაძე

5fecc8056471e
თამთა ჯიჯავაძე
31.12.20 00:10
3781
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, ენერგოტარიფების ზრდა ბუნებრივია ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე და ქვეყნის ეკონომიკაზეც. თუმცა, მან ასევე გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ ეს რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია.

„ტარიფების ზრდა რასაკვირველია არ არის გემოვნების საკითხი, დადგა ობიექტური რეალობა, რომლის საფუძველზეც სამწუხაროდ, მოხდა ზრდა. ეს ბუნებრივია ნეგატიურად იმოქმედებს ბიზნესზე, ეკონომიკაზე. ამ გაძვირებას საფუძვლად ედო პირველ რიგში ის, რომ ამ ტარიფების კორექტირება ბოლოს მოხდა 2017 წელს. 2017 წელს ლარის გაცვლითი კურსი აბსოლუტურად სხვა ნიშნულზე იყო, დღეს კი სხვა ნიშნულზეა. კომპანიებს 50%-ზე მეტი ელექტროენერგიის იმპორტი უწევთ, რა დროსაც უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორება და ეს ყველაფერი კომპანიების ფინანსურ მდგომარეობასთან პირდაპირპროპორციულია“, - განაცხადა ფხაკაძემ.

მანვე დასძინა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიხილავთ გაძვირებულ პროდუქციას და ამას ვერ ავცდებით.

„გამოვყოთ რამდენიმე სექტორი, მაგალითად ავიღოთ ჯანდაცვა და მშენებლობა, ეს ის სექტორებია, რომელთა ნაწარმოები პროდუქციის თუ სერვისის შესყიდვა ძირითადად ხდება სახელმწიფოს მიერ სახელმწიფოს შესყიდვების გზით და სახელმწიფოს აუცილებლად მოუწევს ამ ახალი რეალობიდან გამომდინარე იმ ფასების გადახედვა, რომელსაც იხდიან ამ ინდუსტრიების მომსახურებასა თუ პროდუქციაში.

მეორე სექტორი არის კომუნიკაციების სექტორი. აქ პრობლემები ისედაც მძიმეა ლარის კურსის დევალვაციის გამო, ვინაიდან ესეც რეგულირებადი სფეროა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს შემოსავალი აქვთ ლარებში და კაპიტალური ხარჯების გაწევა ხდება ძირითადად უცხოეთიდან იმპორტირებული დანადგარების და აპარატურის გზით, ამ კომპანიებს კიდევ უფრო მეტად დააწვებათ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ცნობისთვის, 29 დეკემბრის სხდომაზე, სემეკმა სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“ მიმართვების საფუძველზე სამომხმარებლო ახალი ტარიფები დაადგინა, რომლის მიხედვითაც 1 იანვრიდან ძვირდება ელექტროენერგია.