მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირებული ლოჯისტიკა, საწვავის ფასის ზრდა, სურსათის გაძვირება - სებ-ი ინფლაციის საგარეო მიზეზებზე

617ac154e2ed9
შოთა ტყეშელაშვილი
28.10.21 19:28
1167
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის გამომწვევი მიზეზების შესახებ არის საუბარი. სებ-ი აღნიშნავს, რომ ამჟამად არსებულ 12.3%-იან ინფლაციაში, დაახლოებით, 8 პროცენტული პუნქტი საგარეო ფაქტორებზე მოდის. 

მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის ვიდეო-პრეზენტაციაში სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ინფლაციის პირობებში რეფინანსირების განაკვეთის დამატებითი ზრდა შეიძლება კონტრპროდუქტიულიც აღმოჩნდეს, რადგანაც სებ-ი სურსათის ფასის გლობალურ ზრდას მონეტარული პოლიტიკით ვერ შეაჩერებს და ამ ნაბიჯს მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნის შემცირებაზე ექნება გავლენა.

"ეროვნული ბანკის შეფასებით, დროებითი ფაქტორების გავლენა სექტემბრის 12.3 პროცენტიან წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტის ფარგლებშია. ამ გათვლებში დიდი წილი - დაახლოებით 6.6 პროცენტული პუნქტი - მიწოდების ისეთ ფაქტორებზე მოდის, როგორიცაა საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების აშშ დოლარით გამოხატული ფასების საგრძნობი გაძვირება და გლობალურად ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა, რაც ასევე ამერიკული დოლარით იზომება.

როგორც აღვნიშნეთ, ერთჯერადი ფაქტორების გავლენის შეფასება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მონეტარული პოლიტიკა მხოლოდ ინფლაციის სამომავლო პერსპექტივას ცვლის და არა მიმდინარე დონეს. სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც ცენტრალური ბანკები მხოლოდ მაშინ რეაგირებენ ერთჯერად ფაქტორებზე, როდესაც გავლენა იმდენად დიდია, რომ ის გრძელვადიანი ინფლაციის მოლოდინებზეც აისახება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, შეზღუდული გავლენა აქვს, მაგალითად, საწვავის ან სურსათის ამერიკული დოლარით გამოხატულ ფასებზე, და ამის გათვალისწინების გარეშე, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ, შესაძლოა, ეკონომიკის არასათანადო შემცირება და უმუშევრობის ზრდა გამოიწვიოს", - ამბობს კობა გვენეტაძე.

ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ ინფლაცია მაღალ ნიშნულზე წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო 2022 წლის მეორე ნახევრიდან კი ის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს დაუახლოვდება. ამავე მოლოდინს ეფუძნება სებ-ის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, რეფინანსირების განაკვეთი მომდევნო წელს ეტაპობრივად 7.75%-8%-მდე უნდა შემცირდეს. 

"მოსალოდნელია, რომ 2021 წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. იმის გათვალისწინებით, რომ დროებითი ფაქტორების წვლილი ინფლაციაში კვლავ განმსაზღვრელი დარჩება და, ამასთან, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია, კომიტეტმა განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება გადაწყვიტა, თუმცა მძლავრი მიწოდების შოკის პირობებში ინფლაციური მოლოდინების ზრდის საფრთხე კვლავ აქტუალურია. ამასთან, ინფლაციური რისკები ნარჩუნდება და მათ რეალიზებამ, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება განაპირობოს. ამასთან, გაზრდილ დაკრედიტებაში, ლარის რესურსის გაძვირების ფონზე, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების გაზრდილი წვლილი განსაკუთრებით საყურადღებოა. ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, ეკრანზე გამოტანილი პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ამ პროცესს ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გარკვეული პერიოდით შენარჩუნების მოლოდინიც,"- აღნიშნავს კობა გგვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.