01.აპრილი .2020 11:15

გაერო: კორონავირუსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოცდაა

views 403
უკან

გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, კორონავირუსის პანდემია სამყაროსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოცდა და გამოწვევაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ანტონიუ გუტერეშის თქმით, ვირუსის გავრცელებას შედეგად მოჰყვება „რეცესია, რომელიც წარსულში არასდროს გვინახავს“.

„COVID-19 არის უდიდესი გამოცდა, რომლის წინაშეც გაერო დაარსების დღიდან არასდროს მდგარა“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მან მოუწოდა მსოფლიოს კოორდინირებული მოქმედებისკენ, რათა პანდემია შეჩერდეს. გუტერეშმა, ასევე, ინდუსტრიულ სახელმწიფოებს განვითარებადი ქვეყნების დახმარებისკენ მოუწოდა.

გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის შედეგად მსოფლიოში პოზიტიური სცენარით - 5 მილიონი ადამიანი, ხოლო ნეგატიური სცენარით 25 მილიონი ადამიანი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს, რაც გამოიწვევს, დაახლოებით, 860 მილიარდიდან - 3,4 ტრილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის სახელფასო შემოსავლების დაკარგვას. მოწყვლად ჯგუფებში შედის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებული პირები და თვით-დასაქმებულები.

ამავე დოკუმენტის ავტორები პროგნოზირებენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მთელ მსოფლიოში 40%-ით შემცირდება.

1 აპრილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 859,770 შეადგინა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 42,340 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 178,335 პაციენტი.