მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე საქართველოდან "თიბისის" რისკების მართვის დირექტორი ნინო მასურაშვილი წარდგება

60ca01437ab70
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.21 18:22
345
15-16 ივნისს, გაეროს გლობალური შეთანხმების ორგანიზებით ყოველწლიური ლიდერთა სამიტი იმართება.

თიბისის ცნობით, წლევანდელი სამიტი ონლაინრეჟიმში ტარდება და ის COVID-19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, კლიმატის ცვლილებას, მსოფლიოში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასა და კორუფციის თემებს ეძღვნება.

70-მდე ქვეყნის ბიზნესის, მთავრობების, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები სამიტზე იმსჯელებენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სხვადასხვა სექტორის მხრიდან მსოფლიოს მასშტაბით პანდემიით გამოწვეული კრიზისული ვითარების დასაძლევად, ასევე მდგრადი მიდგომების წასახალისებლად, ღირსეული სამუშაო და საარსებო მინიმუმის უზრუნველსაყოფად, ქალთა ლიდერულ პოზიციებზე დასაწინაურებლად და ინოვაციური ინსტრუმენტების წარმოსაჩენად.

წელს ლიდერთა სამიტში საქართველოც მონაწილეობს. სამიტზე თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება და დამსწრე აუდიტორიას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თიბისის მიერ გადადგმული ნაბიჯების, გამოცდილებისა და ხედვების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებს.

„მოხარული ვარ, რომ ლიდერთა სამიტზე წელს საქართველოდან თიბისი მონაწილეობს. 2020 წელი პანდემიის გამო როგორც საფინანსო, ისე ნებისმიერი სხვა სექტორისთვის, გამოწვევებით სავსე იყო. სირთულეების მიუხედავად, ჩვენ, როგორც კომპანიამ, პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი პროექტი და ინიციატივა განვახორციელეთ და ჩვენს მთავარ მისიაზე ზრუნვა არ შეგვიწყვეტია - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია ვიყოთ. როგორც ლიდერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობას და მდგრადი განვითარების საერთაშორისო სტანდარტების კომპანიაში დანერგვის აუცილებლობას. სამიტის წევრებს სწორედ ამ მიმართულებით თიბისის მიერ განხორციელებული ინიციატივების, გადადგმული ნაბიჯების და ხედვის შესახებ ინფორმაციას გავუზიარებ“, - განაცხადა თიბისის რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა.

სამიტი 2 დღის განმავლობაში ვირტუალურ სივრცეში გაიმართება და მასში მთელი მსოფლიოდან 20 000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
(NS)