მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაფიცული თანამშრომლები ბორჯომის ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან - მოთხოვნები

62a988d91dbcd
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.22 11:29
787
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს მიერ IDS Borjomi International-ისგან კომპანიის 7.73%-იანი წილის გადაბარების შემდეგ, „ბორჯომის“ ქარხნების გაფიცულ თანამშრომლებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. მიუხედავად ამისა, გაფიცულების პროტესტი მე-16 დღეა გრძელდება.

BM.GE-სთან საუბარისას საპროტესტო აქციის მონაწილეთა წარმომადგენელი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ გაფიცვა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. პრემიერის მიერ 13 ივნისს გაკეთებული განცხადების შემდეგ კი დასაქმებულთა მოთხოვნების შესასრულებლად არაფერი გაკეთებულა, ამიტომ გაფიცულები პრემიერს მიმართავენ და დანაპირების შესრულებას სთხოვენ. 

„პრემიერ-მინისტრის განცხადების მიუხედავად, ამ ადამიანების ამ დრომდე საკუთარი ნაშრომი ორი თვის ხელფასი არ მიუღიათ. არადა მათთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან სესხებზე სესხები, ვალზე ვალი და ჯარიმებზე ჯარიმები ემატებათ. თუ სახელმწიფომ კომპანიის მართვაზე პასუხისმგებლობა აიღო, პირველ ეტაპზე დაუყოვნებლივ დაურიცხეთ "ბორჯომელებს" საკუთარი 2 თვის ნაშრომი, რათა მოლაპარაკებების მიმართ ნდობა გაჩნდეს. გაფიცულები უკვე ფიქრობენ, რომ  თბილისში აქციის გადადება შეცდომა ოყო. იმ შემთხვევაში თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, ხვალ ბორჯომის ცენტრალურ გზას გადავკეტავთ“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

მისი თქმით, დასაქმებულებმა კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოშიც შეიტანეს და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სამართლებრივი გზით შეეცდებიან თავისი უფლებების დაცვას.

გიორგი დიასამიძე აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოს პრეზიდენტი მათ მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებს.

„კარგი იქნება თუ სალომე ზურაბიშვილი გაფიცულ ბორჯომელებთან დაკავშირებით, რომლებსაც აშინებენ, ემურებიან, აიძულებენ და საკუთარ ნაშრომს არ ურიცხავენ განცხადებას გააკეთებს, რადგან ყველა ერთად ვაცნობიერებთ რომ ევროკავშირი მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობებზე დროშის ფრიალი არ არის. მზად ვართ 16 ივნისს ჩანიშნული აქციის მხარდასაჭერად“, - ამბობს დიასამიძე.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ბორჯომის" წარმოების გაჩერების შესახებ აპრილში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო უთანხმოება წარმოიშვა. აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 27 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა 4 ძირითადი მოთხოვნით საპროტესტო აქციები წამოიწყეს.

„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
2. ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
3. 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
4. იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.

9 ივნისს კი „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა. მან განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი კომპანიის მხრიდან თანამშრომელთა შესაძლო დისკრიმინაციის გამო შესწავლას დაიწყებს.