მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაფრინდაშვილი VS Netflix: "საკმაოდ ძლიერი ქეისია, დადებითი მოლოდინი გვაქვს"

61ef9852609d5
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.22 10:34
5082
"ნონა გაფრინდაშვილი Netflix–ის წინააღმდეგ“ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი მოსმენის გარეშე ჩატარდა. პირველი სხდომა კალიფორნიის შტატში, საქართველოს დროით 25 იანვრის 02:00 საათზე უნდა გამართულიყო მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა მხარეთა მხრიდან საკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო გადწყვეტილების მიღება მოსმენის გარეშე გადაწყვიტა. საქმის დეტალებზე გაფრინდაშვილის იურისტმა, BLB-ის პარტნიომა რუსუდან მაისურაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

"საკმაოდ ძლიერი ქეისია, დადებითი მოლოდინი გვაქვს" - განაცხადა მან მოლოდინებზე საუბრისას.

„ჩვენ გვაცნობეს, რომ მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას საკმარისი მტკიცებულება, მონაცემები აქვს და მხარეთა მოსაზრება აქვს იმისთვის რომ ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება. გუშინ პროცესი - ზეპირი მოსმენა – არ ჩატარებულა და მოსამართლეს გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. შესაბამისად, ჩვენ ყოველწუთიერად ველით გადაწყვეტილებას, ნებისმიერ დროს შეიძლება მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება გამოიტანოს და გვაცნობოს. ჩვენი ამერიკელი კოლეგების თქმით, საკმაოდ ძლიერი ქეისია და დადებითი მოლოდინები გვაქვს“, - განაცხადა რუსუდან მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი Netflix-ის წინააღმდეგ კალიფორნიის სასამართლოში 2021 წლის 16 სექტემბერს შევიდა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ The Queen’s Gambit-ის კულმინაციურ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის ლეგენდარული კარიერული მიღწევების შესახებ "მიზანმიმართულად გაჟღერებულ" მცდარ ცნობებს ეხება. ფილმში ნონა გაფრინდაშვილი რუსი ეროვნების ქალად არის მოხსენიებული და ერთ-ერთ ეპიზოდში კომენტატორი ამბობს, რომ გაფრინდაშვილი არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს. გაფრინდაშვილი Netflix-ის სექსიზმში ადანაშაულებს. თავად დიდოსტატი მოჭადრაკე ამბობს, რომ 1968 წელს, რომელ პერიოდშიც სადავო ეპიზოდი თამაშდება, მას უკვე ჰქონდა საჭადრაკო პარტიები ჩატარებული 60-მდე კაცთან. "ნიუ-იორკ თაიმსი" კი ამავე ჟურნალში 1968 წელს დაბეჭდილ სტატიას იშველიებს, რომლის სათაურიცაა - „ქალბატონი გაფრინდაშვილი დაძაბულ ბრძოლაში 7 კაცს ამარცხებს“.

იურიდიულ ფირმა BLB-ში ნონა გაფრინდაშვილი vs Netflix-ის საქმეს „ღირსების საქმეს“ უწოდებენ და აცხადებენ, რომ ნონა გაფრინდაშვილი Netflix-სგან მინიმალური თანხას 5 მლნ დოლარს ითხოვს, რადგან მისთვის პატივისცემისა და ღირსების დაკნინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველი ფირმა BLB-ის ინფორმაციით, Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილმა უფლებების დაცვისთვის ბრძოლა განაგრძო.