მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაგა გოგუა - "თიბისი ლიზნინგის" პორტფელი წლის ბოლოსთვის 350 მლნ ლარს მიაღწევს

5dc7d410da19c
ნუცა ბაზლიძე
10.11.19 12:05
2035
„უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, ლიზინგის ბაზარი 2-ჯერ გაიზარდა. წლის ბოლოს ლიზინგის ბაზარი 500 მლნ იქნება. აღსანიშნავია, რომ „თიბისი ლიზინგი“ ლიდერია და მთლიანი წილის 70%-ს წარმოადგენს“ - აღნიშნავს „თიბისი ლიზინგის“ გენერალური დირექტორი გაგა გოგუა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში და დასძენს, რომ კომპანიის მოცულობაც ასევე 2-ჯერაა გაზრდილი, ვინაიდან 2 წლის წინ მისი პორტფელი 174 მლნ-ს შეადგენდა, 2019 წლის ბოლოს კი 350 მლნ უნდა იყოს.

„თიბისი ლიზინგის“ საქმიანობაზე საუბრისას, გაგა გოგუამ აღნიშნა, რომ ყველაზე მსხვილი პორტფელი მოდის წარმოებაზე, შემდეგ კი სამშნებელო, ახალი ავტომობილების, სამედიცინო და ტურიზმის სფეროებზე. გოგუას განმარტებით, ისინი ჩართულები არიან ეკონომიკის და მდგარადი განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროების ყველა დაფინანსების პროექტში.

„ჩვენი პორტფელი, მოზიდული რესურსების მიხედვით, 300 მლნ-ს შეადგენს, საიდანაც 60% არის უცხოური. ეს საშუალებას გვაძლევს ქართველ მეწარმეებს რესურსები უფრო იაფად გადავცეთ, ვიყოთ უფრო მოქნილები და სწრაფები“, - აღნიშნავს გაგა გოგუა. მისი განმარტებით, 1 წლის პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ „თიბისი ლიზინგის“ პორტფელი 500 მლნ გახდეს.

მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შვილობილმა კომპანია Proparco-მ „თიბისი ლიზინგს“ 9 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო. თიბისი ლიზინგი ამ ფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესის პირდაპირი აქტივების დასაფინანსებლად გამოიყენებს. თემაზე საუბრისას „თიბისი ლიზინგის“ ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ აღნიშნა, რომ დაფინანსება მულტისავალუტოა და ადგილობრივი ბაზრის განვითარების საშუალებას იძლევა. „თიბისი ლიზინგს“ საშუალება უჩნდება, მოზიდული რესურსებით დააფინანსოს 250-300 კომპანია, რაც 3000-3500 ადამიანის დასაქმებას გულისხმობს.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაახლოებით 1 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ნუგზარ ლოლაძის განმარტებით, მათი და დამფინანსებელი კომპანიის ინტერესები ემთხვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ თანხით დაფინანსდებიან ის კომპანიები, რომელთაც აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, არიან დასაქმებაზე და არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე ორიენტირებულები. ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია ენერგოეფექტურობა და გარემო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

„თიბისი ლიზინგის“ წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ეს საწყისი ეტაპია და აპირებენ რესურსების უმსხვილესი საფინანსო კომპანიებიდან მოზიდვას, რა საკითხზე მუშაობაც წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.