მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაგრძელდება თუ არა 1500 ლარამდე ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი? - მინისტრის პასუხი

60a226e1ab308
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.21 16:10
2073
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 1500 ლარამდე ანაზღაურებაზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამის გახანგრძლივების საკითხი მაისის ბოლოსთვის გადაიხედება. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ვინაიდან პროგრამის გაგრძელება 2021 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული, საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებები და ამის განხილვა თვის ბოლოსთვის მოხდება.

„მაისი ის თვეა, როდესაც დაწესებული სტიმულირების პაკეტები როგორც კომპენსაციის, ასევე საგადასახადო შეღავათების ნაწილში მოქმედია. გარდა აღნიშნული შემცირებისა ბიუჯეტს სხვა ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა, რაც პანდემიასთან და მასთან ბრძოლასთან იყო დაკავშირებული. ყველა პროგარამა, რომელიც იყო ბიუჯეტში ასახული, მოქმედია.

შესაბამისად, როდესაც აღნიშნული პროგრამა დასრულდება, მომავალ გეგმებზე ამის შემდეგ შეგვეძლება ვიმსჯელოთ. გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე იქნება მიღებული.

ამ და ნებისმიერი სხვა პროგრამის გასაგრძელებლად, რომელიც საგადასახადო შეღავათებს ეხება და რომელიც ბიუჯეტში დღემდე არ ყოფილა ასახული, საჭიროა, ერთი მხრივ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც საგადასახდო ნაწილში, ასევე საჭიროა, ბიუჯეტის კორექტირება. შესაბამისად, ვფიქრობ აღნიშნულ ინიციატივებთან დაკავშირებით, თვის ბოლოს შეგვიძლია ვიმსჯელოთ“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა მაისში სრულდება. შესაბამისად, მაისის ხელფასი იქნება უკანასკნელი, როდესაც ბიზნესები შემცირებულ საშემოსავლო გადასახადს გადაიხდიან.

1500 ლარამდე საშემოსავლო გადასახადის შეღავათი საქართველოს მთავრობამ თავდაპირველად 2020 წლის მაისში დააწესა და ის 6 თვის განმავლობაში მოქმედებდა. 2020 წლის 26 ნოემბერს კი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში ხელახალი ლოქდაუნის დაწესების დროს განაცხადა, რომ მთავრობა ამ შეღავათს კიდევ 6 თვით გაახანგრძლივებდა. ამ განცხადებიდან მალევე პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეიტანა.

კანონის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შეღავათები არ გავრცელდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ასევე მარეგულირებელ ორგანოებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებზე.