მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიაფდა თუ არა რუსული გაზი საქართველოსთვის? – "გაზპრომი" თურნავას არ ეთანხმება

5ece8acedef9e
დავით ჯალაღონია
27.05.20 21:00
2116
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გუშინ, 26 მაისს, მინისტრის ნათია თურნავას სატელევიზიო კომენტარი გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსული გაზის ფასი საქართველოსთვის მცირდება.

“ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება “გაზპრომთან” უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო მე ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე. დღეს ეს ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს, როგორც “სოკარი”, ასევე “გაზპრომიც” ამ ტენდენციას მიჰყვება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავაკლებინებთ ფასებს და ეს იქნება დამოკიდებული ბაზრის კონიუნქტურაზე”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ფასის კორექტორებაზე საუბარი ნავთობისა და გაზის კორპორაციის აუდიტორულ ანგარიშშიც არის.

საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების მიერ „გაზპრომის“ გაზის გაიაფების შესახებ ცნობებს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა „გაზპრომის“ პასუხი დააწიეს, სადაც წერია, რომ მათი ფასი საქართველოსთვის არ შეცვლილა.

„საქართველოსთვის გაზის ტარიფი იქნება იგივე, რაც მანამდე წლიური კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობისთვის იყო განსაზღვრული. გაცემის ვალდებულებები ახლა მკაცრად არის გაწერილი“, - განმარტავენ „გაზპრომში“.

იმაში გასარკვევად, რომელი მხარე ამბობს მართალს, BMG-მ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, თუმცა დამატებითი განმარტებებისგან თურნავას უწყება ჯერჯერობით თავს იკავებს. სამინისტროს დუმილს ამ თემაზე ისიც ემატება, რომ საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის მოქმედი კონტრაქტის დეტალები საიდუმლოა, დღემდე არავინ იცის, რა თანხას უხდის რუსეთი ჩვენს ქვეყანას ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გაზის გატარების უზრუნველყოფისთვის. ეს გაუხმაურებელი დეტალი კი პერიოდულად ხელისუფლების კრიტიკის საგანია.

კითხვებს ბუნებრივი გაზის განახლებული ბალანსიც აჩენს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ 21 მაისს დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი მცირდება, რუსულის - იზრდება. კერძოდ, წელს საქართველო იმპორტირებული და ადგილობრივი წყაროებიდან საერთო ჯამში, 2 მლრდ 569,594 მ3 მლნ გაზის მიღებას ელოდება. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედ ნაკლებია თავდაპირველ პროგნოზთან (2 მილიარდ 572.953 მ3) შედარებით.

პირველადი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 მილიარდ 385.221მ3 მლნ გაზის მოწოდება იგეგმებოდა, მათ შორის "სოკარიდან" - 1 მილიარდ 511.417 მ3 მლნ, შაჰ დენიზიდან კი -873.804 მ3 მლნ. განახლებული მაჩვენებლები კი ასეთია: აზერბაიჯანი - 2 347,588 მ3, მათ შორის შაჰ-დენიზი 882,742 მ3, „სოკარი“ - 1 464,846 მ3.

"გაზპრომიდან" 2020 წელს პირველი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 169.865 მ3 მლნ გაზის იმპორტი იგეგმებოდა, ამჯერად კი ეს მაჩვენებელი 200,000 მ3-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ადგილობრივ რესურსს, ამ მხრივ, პროგნოზი 17.866 მ3 მლნ-დან 11.607 მ3-მდე შემცირდა.

რა რისკებს ქმნის ეს ცვლილება ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, BM.GE ამ თემაზე ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა. მისი აზრით, მთავარია, ქართულმა მხარემ კონკურენტული გარემო შეუქმნას როგორც აზერბაიჯანს, ისე რუსეთს, გაზის შეძენა მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოხდეს და ამ ორ წყაროს შორის ბალანსი მოძებნოს.

"საერთოდ ჩვენ, რუსეთისგან გაზის ყიდვის მიმართ, ნაწილობრივ და დიდწილად დასაბუთებული შიშები გვაქვს და მთავარი შიში აქ იმაში მდგომარეობს, რომ ეს გაზი პოლიტიკური მიზნებისთვის, ზეწოლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და დამოკიდებულების გასაზრდელად არ იყოს გამოყენებული, მაგრამ ამ შიშმა ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადაგვიყვანა, როცა მთლიანად გავხდით აზერბაიჯანზე დამოკიდებული და იმდენად, რომ აზერბაიჯანი, რომელსაც თავად არ ჰყოფს თავისი გაზი, რუსეთიდან ყიდულობს და ჩვენ გვაძლევს იგივე რუსულ გაზს, ამიტომ აქ ირაციონალურიდან რაციონალურ მიდგომაზეა გადასვლა საჭირო.

როდესაც ამ საკითხზე ვმსჯელობთ, ორი შეკითხვა უნდა დავსვათ - ემსახურება თუ არა ეს კონკრეტული შესყიდვა, ან ნაბიჯი პოლიტიკური უსაფრთხოების გაზრდას და როგორ მოქმედებს გაზის ფასზე საქართველოში. ამ ორი კრიტერიუმით უნდა შევაფასოთ და როდესაც ხდება გარკვეული ნაბიჯის გადადგმა, უნდა მოვკითხოთ მათ შორის სახელმწიფო მოხელეებს, რამდენად ემსახურება ამ ორივე მიზანს. იმისთვის, რომ ეს ორივე მიზანი ასე თუ ისე დაკმაყოფილებული იყოს, ორი მთავარი მოთხოვნაა - პირველია გამჭვირვალობა, თუ სახელმწიფო სექტორი ყიდულობს ამ გაზს და მეორე, მცდელობა იმისა, რომ კონკურენტულ პირობებში მოაქციოს სხვადასხვა მომწოდებლები სახელმწიფომ. თუ ამ პირობებს დავიცავთ, მაშინ რუსული გაზის 10% და 20% არა მგონია, განსაკუთრებული საფრთხის შემცველი იყოს, მაგრამ საჭიროა ყურადღება, მუდმივი კონტროლი პირობებისა და გამჭვირვალობის შენარჩუნება, რომ ეს არ გახდეს საწინდარი რაიმე კორუფციული გარიგეგების, ან მეტი პოლიტიკური დამოკიდებულების. სიფრთხილეა საჭირო და თუ ასე ვიმოქმედებთ, მაშინ ბალანსირება ორ მომწოდებელს შორის ყოველთვის უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე მარტო ერთზე დამოკიდებულება, ვინც არ უნდა იყოს ეს, აზერბაიჯანი თუ რუსეთი“, - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობები რამდენიმე წლის წინ შეიცვალა და ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით გაზის გატარების მომსახურებისთვის, ჩვენი ქვეყანა არა ბუნებრივ აირს, არამედ კონკრეტულ თანხას იღებს, რაც საჯარო არ არის. მხარეებს შორის ეს კონტრაქტი პერიოდულად განახლებადია და 2021 წლისთვის სწორედ ახალი ხელშეკრულება უნდა დაიდოს.

მხარეებს შორის მომავალ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მურმან მარგველაშვილი იმ პირობებზე საუბრობს, რაც შეიძლება ქართულმა მხარემ რუსეთისგან მოითხოვოს.

„მსოფლიოში გაზის ფასები სერიოზულად არის შემცირებული და ეს ფაქტორი უპირობოდ უნდა იქნას გამოყენებული, რომ ჩვენ ფასების თვალსაზრისით შემსუბუქებას მივაღწიოთ.

მეორე - ჩემი ინფორმაციით, შეიძლება ის საფასური, რომელსაც „გაზპრომი“ გაზის სომხეთში ტრანსპორტირებისთვის გვიხდის, არ შეესაბამებოდეს იმ რთული მილსადენის ექსპლოატაციის, შენარჩუნების და რემონტების პირობებს, რომლითაც ჩვენ ტრანზიტს ვატარებთ, ამიტომ აქ რუსეთს ვერ მოუგებთ კომერციულად, მაგრამ მინიმუმ სწორად უნდა დავთვალოთ ის, თუ რა გვიჯდება რეალურად გატარება, რამდენად რთულ პირობებში გვიხდება ამ გაზის მილსადენის შენარჩუნება და შესაბამისად, დავაწესოთ ტარიფი ამ გატარებისა. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ამოცანა, თორემ იმ პირობებს, რომელიც წინა მოლაპარაკების დროს დავკარგეთ, სავარაუდოდ ვეღარ აღვიდგენთ, როცა დაახლოებით 70% სარგებლისა დავკარგეთ“, - აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.