მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიაშვილი თურნავას: მენეჯმენტი თვითონვე არ უვარგა ეკონომიკის სამინისტროს

5e40078ed7dc1
დავით ჯალაღონია
09.02.20 17:20
2189
Georgian Airways-ის პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას იმ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმად, Georgian Airways-ს აქვს პოტენციალი, რომ ეფექტური მენეჯმენტის პირობებში განვითარდეს.

როგორც გაიაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროს მენეჯმენტი თავად არ უვარგა.

"(მინისტრის განცხადება) აბსოლუტურად აბსურდულია, მენეჯმენტი თვითონვე არ უვარგა ეკონომიკის სამინისტროს. რის საფუძველზე აფინანსებენ უცხო კომპანიებს და რა ეკონომიკური დასკვნა გააჩნიათ, პირველ რიგში, ეს ხალხს გააცნონ. მენეჯმენტი არასოდეს უვარგოდა სამინისტროს და არც დღეს უვარგა", – განაცხადა გაიაშვილმა.

Georgian Airways-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ავიაბაზარზე არათანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნა.

"არაჯანსაღი კონკურენცია და არასწორი მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან, რაც იმაში გამოიხატება, რომ კონკურენტ კომპანიებს აფინანსებს. "აირზენა" არაფერს იღებს, ეს ზღაპარია. ერთი ცენტი არასოდეს მოუციათ. არავითარი საშეღავათო პირობები არ არის. კერძო სტრუქტურას – თბილისის აეროპორტს თუ მე რაღაცას მოველაპარაკები და ფასდაკლებას გამიკეთებს, აქ სახელმწიფო აბსოლუტურად არაფერ შუაშია. ყველა ქვეყანაში, ყველა ავიაკომპანიას სახელმწიფო შეღავათს უკეთებს, აეროპორტებს, ნავიგაციას – ყველა კომპანიას ეხმარება. ჩვენთან უბრალოდ ყველა ნორმალურ კომპანიას სახელმწიფო არათუ ეხმარება, არამედ – ძირავს.

ჩვენ არაფერ შეღავათს არ ვითხოვ, თანასწორ კონკურენტულ პირობებში გვინდა ვიყოთ. თუ მე არ მაფინანსებ, არ დააფინანსო უცხო კომპანიები, რომლებიც შენს კომპანიას აკოტრებენ, ეს არის", – განაცხადა გაიაშვილმა და დასძინა, რომ ამ ვითარებაში კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბარი რთულია.

"როცა სახელმწიფო მანქანა კომპანიას ებრძვის, რა გეგმებზე უნდა იყოს ლაპარაკი", – აღნიშნა მან.