მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიცანით Handicraft – „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის“ მონაწილე

6422b5021b810
ინგა მურუსიძე
28.03.23 13:33
2207
სტატიაში საუბარია:
Handicraft - ასე ეწოდება მცირე ბიზნესს, რომელიც თამარ კობახიძემ დააარსა. მისი მიზანია, შექმნას სათამაშოები, რომლებიც ბავშვის სხვადასხვა უნარის განვითარებას უზრუნველყოფს.

საინტერესოა, როგორ ახერხებს ეს სტარტაპი, ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებას და რა სირთულეები შეხვდა დამფუძნებელს ამ პერიოდის განმავლობაში? ამ ყველაფერზე თამარ კობახიძეს ვრცლად გავესაუბრეთ:

- როგორ დაიწყო Handicraft-ის ამბავი?

ჰენდიკრაფტი გაჩნდა ძალიან მოულოდნელად, როდესაც, როგორც დედას, გარკვეული ნივთები დამჭირდა ჩემი პატარასთვის. ბაზრის მოკვლევისას კი, მივხვდი, რომ ქართულ ბაზარზე არც თუ ისე ბევრი ადგილობრივი პროდუქტი გაგვაჩნია, განსაკუთრებით სათამაშოების და ტექსტილის მიმართულებით. ბაზარი სრულად გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქტებით და ქართული პროდუქტების პოპულარიზაცია მაშინ, როცა ამ საქმიანობას ვიწყებდი (2017 წლის ზაფხულში), აქტიურად არ ხდებოდა. რატომღაც ქართული პროდუქტი დაბალხარისხიანად იყო მიჩნეული, თუმცა ეს სიტუაცია ბოლო პერიოდში შეიცვალა და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. სწორედ ბაზარზე მწირი არჩევანის გამო გადავწყვიტე, დამეარსებინა ჰენდიკრაფტი და ჩემთვის ერთ-ერთ საინტერესო სამყაროში - ბავშვთა სამყაროში დავბრუნებულიყავი.

- დეტალურად გვიამბეთ Handicraft-ის საქმიანობის შესახებ..

ძირითადი მიმართულება მაინც განმავითარებელი სათამაშოებია, განმავითარებელი წიგნებისა და ხალიჩების სახით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტთან და წარმოებაში ვიყენებთ მხოლოდ სერტიფიცირებულ ნედლეულს. ვფიქრობ, ადრეული განვითარების სათამაშოები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ბავშვებისთვის - სწორედ ამან გვიბიძგა ფსიქოლოგების რჩევაზე დაყრდნობით შეგვექმნა და განგვევითარებინა ჩვენი წიგნები და ხალიჩები. დღესდღეობით კი, უკვე დაახლოებით 80-მდე სათამაშო დეტალი გვაქვს შექმნილი, რომელიც ხელს უწყობს ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას. პატარებს გამოუმუშავებს ლოგიკას, კრიტიკულ აზროვნებას და წარმოსახვის უნარს. მრავალფეროვანი ფერები, ტაქტილური შეგრძნებები, ხმების და რიტმების იმიტირება განაპირობებს ბავშვის დაინტერესებას, ყურადღების კონცენტრირებას და ზრდის ჩართულობის ხანგრძლივობას.

- რა სირთულეები შეგხვდათ დაფუძნებიდან დღემდე და რა ეტაპზეა ახლა თქვენი ბიზნესი?

ძნელია იყო მეწარმე ქართულ რეალობაში, რადგან ქართველ მეწარმეებს ხშირად გვიწევს სწავლება პრაქტიკულ უნარებზე დაყრდნობით. ქართული სათამაშოების კატეგორია, ინდუსტრია, როგორც ასეთი, არც კი არსებობდა რამდენიმე წლის წინ. ახლა კი შეგვიძლია, ვიამაყოთ, რადგან სწორედ წელს ჰენდიკრაფტი და კიდევ 8 ქართული სათამაშოების მწარმოებელი ბრენდი ნიურბერგში სათამაშოების გამოფენაზე წარდგენილი ვიყავით. ვფიქრობ, მსგავსი გამოფენები ჩვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო ბაზრების დაინტერესების ზრდისთვის. ასევე, სულ რამდენიმე თვეა, რაც მოვახერხეთ და გავედით ამაზონზე, რაც უდიდესი გამოწვევა იყო და მრავალ სირთულეს ვაწყდებოდით პროდუქტის სერტიფიცირების ნაწილში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სათამაშოების ტესტირებისთვის შესაბამისი ლაბორატორიები არ გვაქვს, გვიწევს ჩვენი სათამაშოების გაგზავნა გერმანიაში, თურქეთსა და სხვადასხვა ქვეყნებში, რათა შესაბამისობის სერთიფიკატი მოვიპოვოთ. ამას ისიც ემატება, რომ ძნელია, როგორც ქართულმა ბრენდმა, საერთაშორისო ბაზარი დააინტერესო, რადგან ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ ჩვენი სათამაშოების შესახებ ან საერთოდ არ ფლობენ ამ ინფორმაციას. ალბათ, დაუსრულებლად შემიძლია გამოწვევებსა და სირთულეებზე ვისაუბრო, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს და პროდუქტიც ხარისხიანია, ყოველთვის არის შანსი, შეხვიდე საერთაშორისო ბაზრებზე. მთავარი გამოწვევა და ეტაპი ახლა ჰენდიკრაფტისთვის ამაზონია, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პროდუქტით ვართ წარმოდგენილი აღნიშნულ ამერიკულ პლატფორმაზე. ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რათა სხვადასხვა პროდუქტები დავამატოთ.

- როგორ დაგეხმარათ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა - რა წვლილი შეიტანა მან თქვენი ბიზნესის წარმატებაში?

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროგრამები ქალთა განვითარებისთვის. სწორედ ის პროექტია, რომელიც მე, როგორც მეწარმეს, საწყის ეტაპზე რომ შემძლებოდა და გამევლო, ბევრად უფრო მარტივად გადავლახავდი იმ პირველ გამოწვევებს, რაც ძალიან გამირთულდა. ამიტომ, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მათთვის, ვინც პირველად დგამს ნაბიჯებს მეწარმეობაში. იყო უამრავი განსახილველი საკითხი, რაც მეწარმეებმა სპიკერებთან ერთად გავიარეთ; ამას ემატება ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მეწარმე შეგვახვედრა ერთმანეთს და მოგვცა საშუალება, ჩვენი პროდუქტები გაგვეცნო. საინტერესო იყო თითოეული ტრენინგი, რომელიც იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული, რაც ძალიან ბევრ მსგავს ტრენინგს აკლია ხოლმე.

- როგორ ფიქრობთ, რატომაა მსგავსი პროგრამები საჭირო მეწარმეებისთვის?

როგორც აღვნიშნე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები მეწარმეებისთვის, რათა სამეწარმეო უნარები შევიძინოთ. რაც უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება მეწარმეებს დაესწრონ მსგავსი ტიპის ტრენინგებს, მათი ყოველდღიური საქმიანობა გამარტივდება; ისინი დაზოგავენ დროს და გადაწყვეტილებების მიღებისას შეძლებენ სწორი არჩევანი გააკეთონ.

ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს: თეორიულ განათლებას, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებას, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნას.


(NS)