მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაინტერესებთ, რეალურად რამდენ გადასახადს იხდით? - საქსტატი დღეს ახალ პორტალს წარადგენს

614365a615975
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.21 09:00
798
გაინტერესებთ, ყოველთვიურად თქვენი შემოსავლიდან რა თანხა მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში? - ამის დათვლა საქსტატის ახალი “გადასახადების კალკულატორის” მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ახალი პორტალის ამოქმედებას საქსტატი დღეიდან გეგმავს. 

ჯერ-ჯერობით სერვისის ზუსტი მახასიათებლები უცნობია, თუმცა, როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ივლისში BMG-ის განუცხადა, სერვისი მოქალაქეებს გადახდილი პირდაპირი და ირიბი გადასახადების მოცულობის დათვლაში დაეხმარება. 

“გადასახადების კალკულატორი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს დათვალოს მის მიერ მიღებული შემოსავლებიდან და ხარჯებიდან რა თანხა მიემართება გადასახადებში. მაგალითად, ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოს ნაწარმზე ან ალკოჰოლზე გაწეული ხარჯებიდან. შესაბამისად, გაიგებს დაახლოებით, რა წილი მიუძღვის სახელმწიფო ბიუჯეტში და ეს სისტემა ამის შეფასების შესაძლებლობას მისცემს,” - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

საქართველოში დასაქმებულები ხელფასის 20%-ს საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიან. ამასთანავე, ქვეყანაში მოქმედებს ირიბი გადასახადებიც, მაგალითად 18%-იანი დღგ, რომელსაც საქონლისა თუ მომსახურების შეძენისას იხდით, ასევე აქციზის გადასახადიც, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე, ალკოჰოლსა და ნავთობპროდუქტებზე მოქმედებს.