მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაიპარა და ტექნიკური შეცდომა იყო" - გახარია 150-ლარიან დახმარებაზე

5e95c90d74ad3
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.20 18:29
2196
მთავრობის მეთაურმა საგანგებო პრეს-კონფერენციაზე IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც ქვეყანაში უმუშევრებისთვის 150-ლარიანი კომპენსაციის გადახდაზე არის საუბარი, “ტექნიკური შეცდომა” უწოდა და თქვა, რომ მსგავს გეგმაზე მთავრობა ერთ თვეზე მეტი ხნის წინ მუშაობდა, ხოლო რეალურად ის სოციალური დახმარების პროგრამა, რასაც მთავრობა წარადგენს, კრიზისის დროს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებისთვის საარსებო მინიმუმზე ნაკლებ კომპენსაციას არ ითვალისწინებს.

ამასთან, გიორგი გახარია ამბობს, რომ მსგავსი დახმარების პროგრამის შექმნა ტექნიკურად საკმაოდ რთულია, რადგანაც მას იმ მონაცემთა ბაზების შეკრება სჭირდება თუ ვინ დაკარგა ამ პერიოდში სამსახური. პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ სანამ ამ დახმარების შექმნაზე მიდიოდა მუშაობა, მთავრობამ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი გახარიას განცხადება 150-ლარიან დახმარებაზე:

“კითხვა იყო, ვფიქრობ თუ არა რომ ეს თანხა (150 ლარი) არის თუ არა საკმარისი. გეტყვით, რომ რა თქმა უნდა არა. 150 ლარი არ იქნება და იქნება უფრო მეტი. მოგეხსენებათ რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ნაკლები, შეუძლებელია უბრალოდ ჩვენ ვისაუბროთ იმ ადამიანების ყოველთვიურ დახმარებაზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და არ გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმი.

ყველა ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობს, არამხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ თითქმის ყველა მთავრობა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობაც და მისიაც. მთლად სიმართლე თუ გინდათ, ეს იყო იმ დროს მომზადებული, სანამ ღრმა კრიზისში შევიდოდით, სულ პირველი მონახაზი 1.5-2 თვის წინ მომზადებული, სადაც ვფიქრობდით, რომ ერთჯერადი რაღაც შეიძლება მომხდარიყო. ეს ციფრი აქტუალური არ ყოფილა და თან ამას ემატებოდა სხვა რაღაცეებიც, იქ იყო სხვა დახმარება და ასე შემდეგ. დღეის მდგომარეობით, ეს “გაიპარა” და ტექნიკური შეცდომა იყო.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ავღნიშნავ, რეალურად, ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს სამსახური რა თქმა უნდა შეუძლებელია რომ იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები.

შეუძლებელი იქნებოდა ამ დროს კონკრეტულ პორტფელებზე და დახმარების ციფრებზე გვესაუბრა, მანამ სანამ არ გვექნებოდა შეთანხმებული პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მანამ სანამ არ გვექნებოდა დონორებთან შეთანხმებული მზა პორტფელი დახმარების და კიდევ ბევრი სხვა პარამეტრი. ეს იყო ჩვენი მთავრობის პირველი რიგის ყველაზე მწვავე ამოცანა, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ უკვე და მის შესახებ მოგახსენეთ.

მინდა გაგახსენოთ, რომ სოციალური დახმარების პაკეტის ნაწილი მთავრობამ უკვე წარადგინა. კომუნალური ხარჯების ნაწილში ჩვენ უკვე ვეხმარებით ძალიან დიდ ნაწილს მოსახლეობისას. ჩვენ ეს გავაკეთეთ იმისთვის, რადგანაც ვიცოდით, რომ მიზნობრივი, წერტილოვანი დახმარების პროგრამის შექმნისთვის ჩვენ დრო დაგვჭირდებოდა. ჩვენ უკვე გვაქვს ამ სოციალური დახმარების ძირითადი მონახაზი, თუმცა რა თქმა უნდა მას სხვა მდგენელებიც ესაჭიროება, ამას სჭირდება დაფიქსირება ვინ დაკარგა სამსახური, ვინ იყო თვითდასაქმებული და კიდევ ბევრი რამ სჭირდება. ან თვითდასაქმებულებს, რომელთა იდენტიფიცირებაც პრობლემა იქნება როგორ ვეხმარებით? - ბევრი საკითხია. გარდა ამისა უნდა გვესმოდეს, რომ სოციალურად დაუცველთა კრიტერიუმებშიც ბევრი რამ იქნება შესაცვლელი, რადგან ადამიანი რომელიც სამსახურს დაკარგავს და ახალს ვერ იპოვის ის გადადის სოციალურად დაუცველების ნაწილში. აქ ბევრი კომპონენტია.

ეს არ არის ერთთვიანი კრიზისი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის კრიზისი, რომელში ყოფნაც ჩვენ მოგვიწევს კიდევ 1-1.5 წელი. ეს არის ვირუსი, რომელსაც ჩვენ უნდა შევეგუოთ და რომელთან ერთადაც ჩვენ ცხოვრება და შრომა მოგვიწევს. ეს არის ის გამოწვევა, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და სოციალური დისტანცია კი მოგვიწევს დავიცვათ ძალიან დიდი ხანი კიდევ.

ჩვენ შეიძლება კომპანიებს მივცეთ მუშაობის უფლება და გავხსნათ ეკონომიკა, მაგრამ 65 წელს ზემოთ ადამიანები კი შეიძლება კარანტინში კიდევ ბევრი თვე დარჩნენ. ამას კი ყველაფერს გათვალისწინება სჭირდება,”- ამბობს გიორგი გახარია.