მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაიხსნას სატენდერო პირობები გამოუცდელი კომპანიებისთვის" - ქადაგიძის რჩევა მთავრობას

5eac828c38e01
თელარა გელანტია
02.05.20 20:15
1696
„განსაკუთრებით პატარა ეკონომიკებისთვის საფრთხეა, რომ მთავრობებმა აიღონ ვალი და ეს თანხები ბიუჯეტის გავლით ისევ და ისევ მოხმარდეს იმ კომპანიებს, ვინც ბიუჯეტის კონტრაქტორები არიან“, - ამის შესახებ სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ bm.ge-ისთან ინტერვიუში იმ საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც თან ახლავს პანდემიის პირობებში ვალის აღებას.

„ეს კომპანიები არიან მსხვილი ბიზნესიდან; ესაა ის ბიზნეს ელიტა, რომელიც ბიუჯეტთან ახლოს ტრიალებს, რაც გამოიწვევს იმას, რომ ისევ და ისევ ერთი და იგივე კომპანიები მიიღებენ სარგებელს და იხეირებენ ამ ყველაფრისგან, ხოლო ვინც მცირე, საშუალო ზომისაა და ათასობით ასეთი მეწარმეა, ვერ ნახავს სარგებელს. შედეგად, ჩვენ ერთი მხრივ გვექნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მეორე მხრივ, გვეყოლება უამრავი ბიზნესმენი, რომელიც ამას თავის თავზე ვერ იგრძნობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მისი სატენდერო ნაწილი გაიხსნას, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა მიიღონ იმ კომპანიებმა, ვისაც აქამდე არ მიუღია“, - ამბობს ქადაგიძე.

Bm.ge-ის კითხვაზე - „ახალგაზრდა კომპანიებს“ ხომ გამოცდილებაც უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვას ვანდობთ, სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სხვა შემთხვევაში, ტენდერებში სულ ერთი და იგივე კომპანიები გაიმარჯვებენ, სხვები კი - ქვეკონტრაქტორებად დარჩებიან.

„ამიტომ თუ არის დრო, რომ უნდა გავხსნათ სატენდერო პირობები ახალგაზრდა, გამოუცდელი კომპანიებისთვის, ახლა ამისთვის იდეალური დროა. ეს არათუ უნდა გავრისკოთ, ვფიქრობ, მსგავსი გადაწყვეტილებები უკვე უნდა იყოს მიღებული და იმ კომპანიებისთვის, ვინც კერძო შეკვეთებს ასრულებდნენ, მათთვის სპეციალურად შემუშავდეს შეთავაზებები - თქვენ ახლა დაკარგეთ კერძო შეკვეთები, მაგრამ მოდი, სახელმწიფოს მეშვეობით შეძელით, რომ ამ რთულ პერიოდში გაიაროთ. ეს თავისით არ მოხდება“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.