მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ქელეხებსა და ქორწილებზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ?

6243fee392b48
მარიამ ვარადაშვილი
30.03.22 09:40
772
28 მარტიდან საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა. მათ შორის გაუქმდა სტუმრების რაოდენობაზე დაწესებული აკრძალვა კვების ობიექტებში.

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო, სხვადასხვა სოციალური ღონისძიება: ქორწილი, ქელეხი და დაბადების დღე თითქმის სრულად აკრძალული იყო. BMG დაინტერესდა, აისახა თუ არა რეგულაციების შემსუბუქება სარესტორნე ბიზნესზე და გაიზარდა თუ არა ქორწილების/ქელეხების გადახდაზე მოთხოვნა.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქორწილებზე მოთხოვნა მცირეა, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ამ პერიოდში მარხულობს და ჯვრისწერა დაშვებული არ არის. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ივნისიდან ქორწილებზე მოთხოვნა უნდა გაიზარდოს. ამასთან, დასძენს, რომ ომის მიუხედავად სტუმარ-მასპინძლობის სექტორს მიმდინარე წელს დადებითი მოლოდინები აქვს.

“ქელეხების რაოდენობაც გარკვეულწილად შემცირებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. საზოგადოებამ ეს ცუდი ტრადიცია განსაკუთრებით თბილისში, თითქმის დაივიწყა. რაც შეეხება რეგიონებს, იქ ქელეხების გადახდის კუთხით იგივე ვითრაებაა, რაც კოვიდამდე იყო. ვფიქრობთ, ივნისიდან ტურისტული სეზონიც დაწყებული იქნება და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაც იგრძნობს სარესტორნე სექტორის დადებით დინამიკას”,-ამბობს ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის თქმითვე, 2019 წლის მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდებიან, თუმცა 2022 წელი ტურიზმის მხრივ 2021 წელზე უკეთესი უნდა იყოს.

“დღეს ქვეყანაში გვაქვს ვითარება, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არ დადის, მათგან ბევრს აქვს შესაძლებლობა რესტორანში ისადილოს. შესაბამისად, ეს ნაწილი რესტორნებს სტუმრობს. ამასთან, ის რესტორნები, რომლებმაც პანდემიის პერიოდში საზოგადოებისგან ნდობა მიიღეს, ძალიან კარგ მდგომარეობაში არიან. ვგულისხმობ, პატარა და საშუალო ზომის რესტორნებს. თუ რესტორნები დღევანდელ ვითარებაში ვერ მუშაობენ, ეს მენეჯმენტის პრობლემა უფროა”,-ამბობს ბურჯანაძე.