17.სექტემბერი .2020 17:35

გაიზარდოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა - EU-ს მოწოდება მთავრობას

views 374
უკან

ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას ქვეყანაში არსებული სტრატეგიული პროექტების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ზრდისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ EU-ს საკანონმდებლო ორგანოს მიერ დამტკიცებულ ანგარიშში არის საუბარი.

თავად ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზეა. დოკუმენტს 552-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 78-მა კი თავი შეიკავა. ანგარიშის ეკონომიკურ ქვეთავში ევროპარლამენტი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის ზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. კიდევ ერთი რეკომენდაცია, რასაც ევროპარლამენტი საქართველოს აძლევს კანონის უზენაესობის განმტკიცება და კორუფციასთან ბრძოლაა. 

ანგარიშის ტექსტი - ეკონომიკა და სავაჭრო ურთიერთობები EU-სთან:

"ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ დადებითად უნდა შეფასდეს ფაქტი, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მასზე მთლიანი საგარეო ვაჭრობის 27% მოდის. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მიერ სავაჭრო საკითხების შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღბის პროცესს, ასევე ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ნედლეულით და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით და გახდეს უფრო დივერსიფიცირებული. ასევე, ხაზს უსვამს საქართველოს მიერ უფრო მეტი ევროპული ინვესტიციის მოზიდვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, EU-სთან სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებასა და მაკრო-ფინანსურ სტაბილურობაში აისახება. ამისთვის კი თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაგრძელდეს ძალისხმევა კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და გადასახადების დამალვასთან ბრძოლა. ასევე, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ევროსტანდარტების დანერგვა.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნის მნიშვნელობას, ამასთან ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს გაარღმავოს საქართველოსთან სექტორული თანამშრომლობა ციფრული ეკონომიკის, განათლების, ინოვაციისა და კვლევა-ძიების და მწვანე ტექნოლოგიების ათვისების მიმართულებით;

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და ასოცირების შეთანხმებები მიზნად ისახავენ ხელი შეუწყონ საქართველოს ეტაპობრივ ინტეგრაციას საერთო ევროპულ ბაზარში; ამასთან, ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს უფრო აქტიური სამუშაო იყოს გაწეული საქართველოსთან სექტორალური ინტეგრაციის პროცესში, რათა შექმნილი იყოს კოოპერაციის ისეთი მოდელი, რომელიც ორივე მხარისთვის თვალსაჩინო და ხელშესახებ შედეგებს გამოიღებს.

ევროპარლამენტი კვლავ უსვამს ხაზს, გამჭვირვალობის მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რათა უფრო აქტიურად იყოს DCFTA-ს შესაძლებლობების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია მედიისა და ადგილობრივი სამეწარმეო საზოგადოებისთვის.

ევროპარლამენტი ხაზს უსვამს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდეს და გარანტირებული იყოს მისი გამჭვირვალობა. ამასთან, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს შესაბამისი უწყებების ძალისხმევა და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ," - ნათქვამია დოკუმენტში.