მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაკეთებული საქმეები მიმაგრებს ზურგს, რომ თბილისელებს მხარდაჭერა ვთხოვო - კახა კალაძე

616eac6188c86
ინგა მურუსიძე
19.10.21 15:38
666
თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისელებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. კახა კალაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებები კიდევ ერთხელ გააცნო.

„მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ ამ ყველაფერზე. ვსაუბრობდით მომავალზე, არსებულ გამოწვევებზე, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, რა პროექტები უნდა განვახორციელოთ, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებსაც საერთოდ, თბილისი არ უხსენებიათ, საარჩევნო პროგრამაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ისინი დაკავებულები იყვნენ ჩემი ლანძღვით, ჩემი ოჯახის წევრების, მეუღლის, მშობლების, მცირეწლოვანი ბავშვების შეურაცხყოფით და ა.შ. ეს არის ძალიან დიდი ბოროტება, რაც უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ თბილისელებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სიძულვილი, უნდა დასრულდეს ადამიანების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით, უნდა დასრულდეს ბოროტება და შეურაცხყოფები.

„დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს არსებულ ვითარებას, იმ გაკეთებულ საქმეებსაც, რაც მოვახერხეთ ოთხი წლის განმავლობაში. უფრო მეტის გაკეთებაც შეგვეძლო, რომ არა პანდემია. მეგობრებო, არჩევანი არის ძალიან მარტივი.

ერთ მხარეს ვხედავთ ბოროტებას, ვხედავთ მოძალადეებს, სიძულვილის ენას, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თავიანთი ვიდეოკლიპებით, თავიანთი სატელევიზიო გადაცემებით, ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, როგორი შეურაცხყოფით, ყველაფერს უპირისპირდებიან, ჩვენს ეკლესიას, სარწმუნოებას, კულტურას, ყველაფერ ძვირფასს, რაც კი გაგვაჩნია. ამის უფლებას არავის მივცემთ. არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნება მოძალადე რეჟიმი ქვეყნის მმართველობაში. პირადად მე მზად ვარ, სიცოცხლის ფასადაც კი ეს არ დავუშვა. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათავისებული, რასაც ვამბობ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისს და მთლიანად საქართველოს რაც ყველაზე მეტად სჭირდება, არის მშვიდობა, განვითარება და აღმშენებლობა, სხვანაირად შეუძლებელია.

„შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე ფიქრი, კულტურის მიმართულებით რაიმე პროექტის განხორციელებაზე ფიქრი, თუ ქვეყანაში იქნა არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი. ამიტომ, თითოეული თქვენგანის როლი ამ არჩევნებში არის მნიშვნელოვანი. ჩემი გაკეთებული საქმეები მიმაგრებს ზურგს, რომ თბილისელებს ვთხოვო მხარდაჭერა. ქალაქს დღეს ჭირდება ეს - განვითარება და აღმშენებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.