მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაკოტრების პირას ვართ, ვიღუპებით“ - სადღესასწაულო ცენტრები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

5f6c5f0772f37
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.20 13:12
1732
"შეზღუდვები გვაკარგვინებს ბიზნესს", "მოვითხოვთ, ვალდებულებების გადავადებას", "გვჭირდება ხელისუფლების თანადგომა" ამ ლოზუნგებით და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით საბავშვო-სადღესასწაულო ცენტრები ეკონომიკის სამინისტროსთან აქციას მართავენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი „მინიონების“ დამფუძნებელი მეგი მექერიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრები სახელმწიფოსგან შველას ითხოვენ, იმისთვის რომ გადარჩნენ.

„ფაქტიურად გაკოტრების პირას ვართ, ვიღუპებით. ან მუშაობის უფლება მოგვცენ, ან სახელმწიფო დაგვეხმაროს... რაღაც უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ ფაქტობრივად დაღუპულები ვართ.

„მინიონები“ განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია, რადგან ერთი შენობა პანდემიის დროს დავკარგეთ, ბანკმა ვალის გადაუხდელობის გამო, საბურთალოზე 1 მილიონად შეფასებული ქონება ჩამოგვართვა. ვარკეთილის ფილიალიც ბანკშია და იგივე საშიშროების წინაშე ვდგავართ, რადგან უმუშევრობის პირობებში არ შეგვიძლია ვალდებულებების შესრულება, ხოლო გლდანის ფილიალში მოიჯარესთვის 7 თვეა იჯარა არ გადაგვიხდია და ისინიც უკვე იჯარის გადასახადის გადახდას გვთხოვენ. ფაქტობრივად, 7 წლის ნაშრომ ბიზნესს ვკარგავთ.

ჩვენი მოთხოვნაა მოგვაქციონ ყურადღება, მოგვცენ რეგულაციების დაცვით მუშაობის უფლება, დაინტერესდნენ რა გვიჭირს, იქნებ შეუძლიათ ამის მარტივად მოგვარება. ეკონომიკის სამინისტროს ბანკებთან შუამდგომლობას ვთხოვთ. ჩვენ არ ვითხოვთ რომ ვიღაცამ რაღაც გვაპატიოს, ვითხოვთ, რომ გადაგვივადონ და მოგვცენ იმის საშუალება, რომ ვიმუშაოთ და ჩვენ თვითონ გადავარჩინოთ ჩვენი თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველდღიურად მოგვიწევს აქციებზე დგომა, მივმართავთ უკიდურეს ფორმას, რაც შეიძლება გაჭირვებულმა ადამიანმა გააკეთოს“, - აცხადებს მეგი მექერიშვილი.

„მინიონების“ დამფუძნებლის თქმით, სადღესასწაულო ცენტრების წარმომადგენლები 2 კვირის წინ ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილს შეხვდნენ, თუმცა მას შემდეგ საკითხთან დაკავშირებით ომბუდსმენის მხრიდან არანაირი უკუკავშირი არ ყოფილა.

„ბიზნესომბუდსმენმა გვითხრა, რომ სადღესასწაულო ცენტრების ამოქმედებასთან დაკავშირებით არსებობდა ამოქმედების კონრეტული გეგმა და შეგვპირდა, რომ ის აუცილებლად გადახედავდა ცენტრების ამოქმედების საკითხს.

თუ რესტორნები ამოქმედდა, სადღესასწაულო ცენტრებმა რა დავაშავეთ, ჩვენც შეგვიძლია რეგულაციებით მუშაობა“, - აღნიშნავს სადღესასწაულო ცენტრის დამფუძნებელი.