მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გალიფ ოზთურქის კომპანიამ პენიტენციურ დაწესებულებებს ჩოგბურთის მაგიდები და საჭადრაკო დაფები გადასცა

63220b75b9835
თათია ჩაფიჩაძე
14.09.22 21:10
868
სოციალური პასუხსიმგებლობის ფარგლებში კომპანია “მეტრო ჰოლდინგმა“ ქვეყანაში მოქმედ ყველა პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად ჩოგბურთის მაგიდები და საჭადრაკო დაფები გადასცა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება თავად დაპატიმრებულ ბიზნესმენს ეკუთვნის.

„ჰოლდინგი ხაზს უზვამს მისი დამფუძნებლის გალიფ ოზთურქის წვლილს მოცემულ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომლის ინიციატორიც თავად გახლდათ. აღნიშნული აქტივობის მიზანია პენიტენციური დაწესებულებების ბენეფიციარებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის სტიმულირება და მათი ყოველდღიურობის გამრავალფეროვნება.
მსგავსი ტიპის ღონისძიება კიდევ არაერთხელ განხორციელდება. მეტიც, ჰოლდინგის მხრიდან, სამომავლოდ დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების ფონდის გამდიდრებაში ხელშეწყობა,“ - ნათქვამია კომპანიის მიერ BMG-თვის მიწოდებულ ინფორმაციაში.



ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 30 მაისს, ბათუმში საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებდა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენმა დიდი ოდენობით გადასახადებს აარიდა თავი, თუმცა ოზთურქს ამ დრომდე ფინანსურ დანაშაულზე ბრალი წარდგენილი არ აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენს ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 7.2 გრამი კოკაინის შენახვას უკავშირდებოდა. თუმცა 5 ივლისს „მეტრო ჰოლდინგმა“ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.



ცნობისთვის, ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი საქართველოში 2014 წლიდან ცხოვრობს, 2015 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მის მიერ დაარსებული კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 500 მლნ დოლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი ბათუმში 4 ათასს აღწევს.