მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გალის მცხოვრებლებს ენგურზე ქართველი პოლიცია უხეშად გვექცევა და პროდუქციის ნაწილს არ გვატანს“

6410582dcc2c4
გიგა ბენია
14.03.23 15:29
1922

ზუგდიდიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მიმავალ მოქალაქეებს ქართველი პოლიციელები "ენგურზე" ჩანთებს უჩხრეკენ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, სურსათის გადატანის უფლებას არ აძლევენ. გალის მცხოვრები მარინა[სახელი შეცვლილია] BMG-თან აღნიშნავს, რომ პროდუქციის გადატანაზე ნებართვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სამინისტროს თანამშრომელმა, თორნიკე ხონელიძემ უნდა გასცეს.

"თუ ენგურზე რამდენიმე ნივთი მიგაქვს და პოლიციამ შეგამჩნია, ქართული პოლიცია გაჩერებს. იმ დღეს ტელევიზორი გადამქონდა, გამაჩერეს, რატომ მიგაქვსო. ვუთხარი, სახლისთვის-მეთქი, თუმცა ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა და ვინმე თორნიკესთან დარეკვა მომთხოვეს. რა თქმა უნდა, არ დავრეკე და თავად დაუკავშირდნენ მას. ამ ადამიანს [თორნიკე ხონელიძეს] ვკითხე, რა მიზეზით არ მიშვებენ სახლში და რა პრობლემას ხედავენ იმაში, რომ ტელევიზორი საკუთარ სახლში მიმაქვს? პასუხად გამცა, თქვენივე უსაფრთხოებისთვისო”, - აცხადებს გალის მცხოვრები, რომლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვუთითებთ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს არ მოსწონთ, პოლიციელების მხრიდან უხეში ქმედებებია. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ირინე არდაშელია, რომელიც გალში ხშირად დადის, აღნიშნავს, რომ ქართველი პოლიციელები გალელებს განწყობის მიხედვით ექცევიან.

"არავინ გვიხსნის, რატომ გვამოწმებენ. ლოგიკას ვერ ვხედავ ამ შემოწმებაში. თუ აფხაზი და რუსი მაძლევს უფლებას, თუნდაც შოკოლადი, შაქარი, ზეთი თუ კიტრი-პომიდორი წავიღო, რატომ უნდა მიმოწმებდეს ამ პროდუქტს ქართველი? არაფერს ვამბობ დამოკიდებულებაზე, უხეშად ექცევიან მოხუცებს, ეუბნებიან, გაგიმართლათ, რომ მე შეგხვდი, თორემ ის რომ ყოფილიყო… არ ვიცი, ის ვინ არის, მაგრამ ეს ფორმა ჩაცმული ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ფულით ვაფინანსებთ, რატომ აძლევენ იმის უფლებას, უხეშად მოგვექცნენ? საერთოდ, თუ ცუდ ხასიათზე არიან, მთლიან მიკროავტობუსს ცლიან, ყველა პარკს ჩხრეკენ და თუ კარგ ხასიათზე არიან, პირდაპირ გიშვებენ" , - აცხადებს ირინე არდაშელია.

ენგურის ხიდზე შემოწმებების საკითხზე გუშინ სოციალურ ქსელში თორნიკე ხონელიძესა და გალის მცხოვრების მიმოწერაც გავრცელდა. BMG დაუკავშირდა თორნიკე ხონელიძეს, რომელმაც პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან პასუხს ველით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.