მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი: ყველა ენერგეტიკული პროექტი იწელება - წვრილიც და მსხვილიც

5da424cf654c0
მარიამ ადამია
14.10.19 11:20
1153
„Galt & Taggart-ის" უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის შეფასებით, "ენერგეტიკაში ყველა პროექტი იწელება".

ამის შესახებ ჩახვაშვილმა „საქმიან დილაში“ წამყვანის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ენერგეტიკული პროექტების გეგმის მიხედვით განხორციელებას და ზოგადად, ამ მიმართულებით არსებულ ტემპს შეეხებოდა.

„ყველა პროექტი იწელება, წვრილიც და მსხვილიც. ძალიან იშვიათად, რომ რომელიმე პროექტს პრობლემა არ შეექმნას. თქვენ იცით, რომ მოსახლეობის მხრიდან ჰესებთან დაკავშირებული ნეგატიური განწყობების ფონზე, ბევრი პროექტი გაჩერებულია და ელოდებიან მოლაპარაკებებს“, - განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ მიუხედავად რიგი ბარიერისა, 2019 წლის მეორე კვარტალში ჯამურად 54%-ით შემცირებულ FDI-დან ყველაზე მეტი თანხა, დაახლოებით, 63 მლნ დოლარი მაინც ენერგეტიკაში ჩაიდო, აღნიშნულს Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი ასე ხსნის:

„ენერგეტიკაში მსხვილი პროექტები, როგორც წესი, ხორციელდება უცხოელი პარტნიორებით, უცხოური დაფინანსებით. ეს მსხვილი პროექტები ქმნის იმას, რომ რეალურად FDI-ში ენერგეტიკის წილი დიდია. მსხვილი პროექტებს შორის იყო აჭარაში გაკეთებული რამდენიმე პროექტი, ახლა ასეთი პროექტი „ნენსკრა ჰიდრო“ გახდა, ასევე „ენერგო პრო ჯორჯიაც“ უცხოური კომპანიაა და შესაბამისად, მის მიერ განხრციელებული ინვესტიცია კლასიფიცირდება როგორც FDI. მაგალითად, “ენერგო პროჯორჯიამ“ შეისყიდა „კახეთის ენერგო დისტრიბუცია“, რაც იყო ადგილობრივი ქონების გასხვისება უცხოურ კომპანიაზე და ამაში ჩადებული ინვესტიცია რამდენიმე წელზე გადანაწილდა, რაც ასევე FDI-ა“, - განმარტა ჩახვაშვილმა.

გარდა ამისა, „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ანალიტიკოსმა ყურადღება ელექტროენერგიის იმპორტდამოკიდებულების ზრდაზეც გაამახვილა, რომელიც სექტემბერში 33% იყო და აღნიშნა, რომ მართალია, ახალი ჰიდროელექტრო სადგურების კატეგორიაში ზრდა 2%-ია, მაგრამ ასეთი ტემპი არ არის საკმარისი და აუცილებელია, ახალი სადგურები დაემატოს.

ცნობისთვის: წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში დაახლოებით, 33%-ით გაიზარდა. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) ოპერატიული სტატისტიკით, სექტემბერში იმპორტის მოცულობა 185 მლნ კვტ.სთ იყო, მათ შორის რუსეთიდან - 125 მლნ კვტ.სთ, ხოლო აზერბაიჯანიდან - 60 მლნ კვტ.სთ.

2018 წლის სექტემბერში იმპორტმა 139.46 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობამ საქართველოში 835 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20 %ით მეტი იყო.