21.ივლისი .2020 21:44

Galt & Taggart : $300 მლნ დაიხარჯება ქვეყანაში იმის გამო, რომ ქართველები საზღვარგარეთ ვერ წავლენ

views 1690
უკან

"300 მილიონი დოლარი იქნება ის თანხა, რომელიც დაიხარჯება ქვეყანაში, იმის გამო რომ ქართველები საზღვარგარეთ ვეღარ წავლენ “ - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში Galt & Taggart - ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, დამატებით 300 მილიონი გარკვეული შეღავათი იქნება ტურიზმის ინდუსტრიისთვის.

“ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წელს ეკონომიკისთვის ტურიზმია. ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს, დიდი მოლოდინები ტურისტებთან დაკავშირებით არ გვაქვს. რაც მნიშვნელოვანია, საქართველოში არის ის, რომ ეკონომიკის გახსნის შემდეგ, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძალიან ცოტა გვაქვს, რაც სხვა ქვეყნებში ასე არ მოხდა. მეზობელი ქვეყნების წილი კი ტურიზმში 70% იყო, არც სხვა ქვეყნებიდან ველოდებით მნიშვნელოვან ნაკადებს, შესაბამისად კარგი მოლოდინი ტურიზმზე არ გვაქვს.

ერთადერთი ჩვენ რაც შევაფასეთ ეს არის შიდა ტრიზმი. რამდენი შეიძლება დააგენერიროს შიდა ტურიზმმა?! ჩვენი შეფასებით, წლის მეორე ნახევარში ქართველები დაახლოებით 500 მილიონ დოლარს დახარჯავენ. აქედან 300 მილიონი დოლარი იქნება ის თანხა, რომელიც დაიხარჯება ქვეყანაში, იმიტომ რომ ქართველები საზღვარგარეთ ვეღარ წავლენ და 200 მილიონი დოლარი იქნება, ის რასაც რეგულარულად, ყოველწლიურად ვხარჯავთ ხოლმე საქართველოში. შესაბამისად ეს 300 მილიონი გარკვეული დამატებითი შეღავათი იქნება ინდუსტრიისთვის", – აღნიშნა ევა ბოჭორიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 96,7%-ით შემცირდა და ქვეყანამ მხოლოდ 11.2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ პერიოდში საქართველოს საზღვარი სულ 37 915-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა, რაც 95.7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ვიზიტორებში ჭარბობენ საქართველოს მეზობელი ქვეყნები: თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა