მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის

60b5dd9c0497e
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.21 13:25
1165
Galt & Taggart-ი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 7%-მდე ზრდის. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა. საინვესტიციო ბანკის წინა პროგნოზით წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით უნდა გაზრდილიყო, თუმცა მას შემდეგ რაც საქსტატმა აპრილში 44.8%-იანი ზრდის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, Galt & Taggart-მა ზრდის შესახებ საკუთარი მოლოდინი გაზარდა.

ევა ბოჭორიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ 44.8%-იანი ზრდის შესახებ ანგარიში საქსტატის წინასწარ შეფასებას წარმოადგენს და ის შეიძლება, გარკვეულწილად დაკორექტირდეს, უცვლელია ფაქტი, რომ ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ვითარება მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული.

“აპრილში ჩვენ გაუმჯობესებას ველოდით, რადგან მაკროეკონომიკური პარამეტრები ამის საშუალებას იძლეოდა; ასევე საბანკო სექტორშიც მზარდია დაკრედიტება, თუმცა ამ მაჩვენებელს ნამდვილად არ ველოდით და ნამდვილად გადააჭარბა ჩვენს წინასწარ შეფასებას. რომ ჩავხედოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, ვნახავთ, რომ ეკონომიკის ყველა დიდი დარგი გაიზარდა, გამოვყოფდი მრეწველობას, ვაჭრობას, მშენებლობას, ტრანსპორტს და დასაწყობებას, ამასთანავე ეკონომიკის გახსნასთან ერთად ტურიზმი და სტუმარ-მასპინძლობა გაიზარდა. წინასწარ რაც შეიძლება ვთქვათ, არის ის, რომ მშენებლობის მნიშვნელოვანმა დაჩქარებამ მოახდინა გავლენა. ეს ის ფაქტორებია, რითიც შეგვიძლია 2019 წელთან მიმართებით გაზრდა ავხსნათ, თუმცა ეს არის წინასწარი შედეგები და დეტალური მონაცემები უფრო დაზუსტებით გვეტყვის რომელ სექტორში რა მოხდა.

წელს კვლავ არის გათვალისწინებული ფისკალური სტიმული, კაპიტალური ხარჯების ტემპი კვლავ დაჩქარებული რჩება. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშან, როდესაც ყველა ბიზნესი გაჩერდა, მათ შორის მშენებლობაც იყო და ახლა ამ მიმართულებით ზრდა, ზოგადად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯამური ზრდის ციფრზე.

ჩვენც ვეთანხმებით ფინანსთა სამინისტროს და ჩვენც გადავხედეთ პროგნოზებს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია კვლავ არის, მთავარი გამოწვევა და მაინც შორს განჭვრეტა ძნელია, მაგრამ არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რომ ეს პერიოდი შეიძლება მშვიდობიანად გადავიაროთ. ჯერ ძალიან ცოტა ადამიანი არის ვაქცინირებული, თუმცა ივნისსა და ივლისში ველოდებით ძალიან დიდი რაოდენობის დოზებს და ამ მხრივ ვფიქრობთ, რომ დაჩქარება იქნება. ასევე ზრდაზე დადებითად მოქმედებს სენტიმენტების გაუმჯობესება მას შემდეგ, რაც პოლიტიკური სტაბილიზაცია მოხდა და არჩეული დეპუტატი შევიდა პარლამენტში. ასევე რასაც ვუყურებთ, ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის ზრდის ტემპი გაგრძელდება. სასაქონლო ფასები მსოფლიო ბაზარზე იზრდება და ეს ეხმარება ქართულ ექსპორტსაც. რეგიონში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება საქართველოს რეექსპორტზეც მოქმედებს. ავტომობილების რეექსპორტის მხრივ შეინიშნება დიდი გააქტიურება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ველოდებით რომ წელს ეკონომიკა 7%-ით გაიზრდება. შეგახსენებთ, წინა პროგნოზით ჩვენი საბაზისო მოლოდინი იყო 5%-იანი ზრდა,"- აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობაც 2021 წლისთვის ეკონომიკური ზრდის 4.3%-იან პროგნოზს 6.5%-მდე ზრდის. 

Galt & Taggart-ის განახლებული ეკონომიკური ზრდის მოლოდინი - ვიდეო