მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart: იპოთეკის სუბსიდირება 2020 წლის მე-2 ნახევარში იპოთეკების გაცემას გაზრდის

5f2ba74e87430
ვიქტორია მღებრიშვილი
07.08.20 10:15
1075
Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებული თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მეორე კვარტლის მიმოხილვის თანახმად მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების 4%-იანი სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის მე-2 ნახევარში იპოთეკების გაცემას გაზრდის.

მიმოხილვაში ნაჩვენებია დედაქალაქის უძრავი ქონების ბაზრის 2020 წლის მეორე კვარტლის დინამიკა და აღნიშნულია, რომ იპოთეკების გაცემა აპრილში მკვეთრად შემცირდა, ხოლო ივნისში აღდგენა დაიწყო.

„2020 წლის მე-2 კვარტალში იპოთეკური სესხების გაცემა მკვეთრად შემცირდა. იპოთეკური სესხების გაცემა 2020 წლის I კვარტალში მკვეთრად გაიზარდა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების გამო. თუმცა, ეს ტრენდი რადიკალურად შეიცვალა Covid-19-ის შედეგად რისკების გაზრდის გამო. უცხოურ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საშუალო შეწონილმა განაკვეთმა ივნისში 6.0% შეადგინა (+2.1 პპ 2019 წლის ბოლოსთან შედარებით), ხოლო ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე საშუალო შეწონილმა განაკვეთმა ივნისში 12.8% შეადგინა (+1.2 პპ 2019 წლის ბოლოსთან შედარებით).

იპოთეკების გაცემა მკვეთრად შემცირდა აპრილში 19 მლნ ლარამდე ანუ -94.9% და მასიში - 40 მლნ ლარით ანუ -88.8% წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მაგრამ კლების ტემპი შემცირდა ივნისში. ამ პერიოდში 164 მლნ ლარის გაიცა, რამაც კლება -45.5%-მდე შეამცირა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.



კვლევითი კომპანიის პროგნოზით, 2020 წლის მეორე ნახევარში იპოთეკური სესხების რაოდენობა სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ხარჯზე გაიზრდება.

„ჩვენი აზრით, იპოთეკების გაცემა გაიზრდება 2020 წლის მე-2 ნახევარში, ვინაიდან მთავრობის საპროცენტო განაკვეთის 4%-იანი სუბსიდიის სქემა პირველად ბაზარზე ბინებზე მოთხოვნას გაზრდის. სუბსიდიის პროგრამა გაგრძელდება წლის ბოლომდე და ამ პერიოდში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე, სახელმწიფოს მხრიდან მოხდება პროცენტის სუბსიდირება 5 წლის ვადით. პროგრამა გავრცელდება დეველოპერების მიერ გაყიდულ ბინებზე და შეეხება 200,000 ლარამდე გაცემულ იპოთეკურ სესხებს”, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

კვლევაში, ასევე საუბარია უძრავი ქონების ბაზრზე Covid-19-ის გავლენაზე და იმ ფაქტორებზე, რომელმაც უშუალოდ იმოქმედა დეველოპერული სექტორის გაყიდვებზე და შესაბამისად მომხმარებელთა ქცევაზე. 

„ეკონომიკის ჩაკეტვამ 2020 წლის აპრილსა და მაისში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნა გამოიწვია, მომხმარებლებში გაურკვევლობა რეკორდულად გაიზარდა და ლარი გაუფასურდა. თუმცა, Covid-19-ის წარმატებით მართვის, ეკონომიკის გახსნისა და ლარის დასტაბილურების შედეგად, ივნისში მომხმარებლების აქტივობა და ბიზნესების ფუნქციონირება გაუმჯობესდა. წლიური ინფლაცია თანდათანობით შემცირდა წლის დასაწყისიდან და 2020 წლის ივნისში 6.1% შეადგინა, თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს. მიუხედავად ინფლაციისა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წელს ორჯერ შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-მდე, რათა ხელი შეეწყო ეკონომიკური აქტივობის აღდგენისთვის", - აღნიშნულია კვლევაში. 

კვლევით კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება მომხმარებელის აქტივობას გაზრდის.

"ჩვენი აზრით, ეს ფაქტი მოთხოვნას დაასტიმულირებს გაიაფებული საპროცენტო განაკვეთების მეშვეობით. მომხმარებლის გაუმჯობესელი განწყობები ასევე მიანიშნებს უძრავი ქონების ბაზრის აღდგენაზე. მომხმარებლის განწყობებმა 2020 წლის აპრილში რეკორდულ მინიმუმს მიაღწია, თუმცა, მაისიდან შესამჩნევია აღდგენა, ივნისში კი მომხმარებლის განწყობის ინდექსი მკვეთრად გაიზარდა (12.1 პუნქტით აპრილთან შედარებით)“, - ნათქვამია თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მეორე კვარტლის მიმოხილვაში.