მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart: "ქირები 13 წლის მინიმუმზეა"

5f9ea154d92d3
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.20 20:30
1426
Galt & Taggart-ის 2020 წლის მე-3 კვარტლის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, Covid-19-მა ქირის ბაზარზე ქირა მყისიერად შეამცირა.

მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების ქირის ინდექსი აშშ დოლარში 18%-ით შემცირდა, მაშინ როცა ფასების ინდექსი აშშ დოლარში შედარებით სტაბილურია და წლის დასაწყისიდან მხოლოდ 6%-ით შემცირდა.

„ქირების შემცირება შეიძლება ტურიზმის შეჩერებით და სტუდენტების მხრიდან შემცირებული მოთხოვნით აიხსნას, რაც უნივერსიტეტებში ონლაინ სწავლების შედეგია. შედეგად, 2020 წლის მე-3 კვარტალში ქირის უკუგება 7.7%-მდე შემცირდა, მაშინ როცა წინა წლის შესაბამის პერიოდში იგივე მაჩვენებელი 8.9% იყო. ჩვენი მოლოდინით, ქირის უკუგება თანდათან გაიზრდება ტურისტების დაბრუნების და ეკონომიკის აღდგენის კვალდაკვალ.

ჩვენი მოლოდინით, 2020 წლის მე-4 კვარტალში უძრავი ქონების გაყიდვები ზომიერად გაიზრდება, სექტემბერში მაღალი ზრდის შემდეგ, რადგან Covid-19-ის მზარდმა შემთხვევებმა და ლარის გაუფასურებამ შესაძლოა, მყიდველების გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

ამავე მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ გამქირავებლებმა ფასების შემცირება ახალ რეალობასთან მორგების მიზნით დაიწყეს.

„2020 წლის მარტის შემდეგ Area.ge-ზე განმცხადებლების, დაახლოებით, 7%-მა (3.294 განცხადება) საფასო პოლიტიკა შეცვალა, რომელთაგან ძირითადად ბინის გამქირავებლები იყვნენ. 2020 წლის სექტემბერში Area.ge-ზე განთავსებული განცხადებების საშუალო კვ.მ. ქირა 6.8 აშშ დოლარამდე შემცირდა (2020 წლის თებერვალში - 10.6 აშშ დოლარი).

2020 წლის მარტსა და აპრილში შემცირების შემდეგ, 2020 წლის მაისიდან ბინის გაყიდვის და გაქირავების ახალი განცხადებები კვლავ იზრდება”, - ნათქვამია უძრავი ქონების ბაზრის მესამე კვარტლის მიმოხილვაში.