მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ი რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო შემცირების საჭიროებას ხედავს

647edcd724b96
ინგა მურუსიძე
06.06.23 11:30
983
Galt&Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი შემცირების საჭიროება დგას. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა.

„ის, რომ ჩვენ იმპორტირებულ ინფლაციაში გვაქვს შემცირება, ერთი მხრივ იმის დამსახურებაა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მცირდება ნავთობპროდუქტებზე, სურსათზე, ჩვენთან კიდევ დამატებით გაცვლითი კურსი მოქმედებს - ეს ყველაფერი გადმოეცემა ჩვენს ბაზარს და სახეზე გვაქვს იმპორტირებული ინფლაციის კლება. კონკრეტულად თუ ჩავეძიებით საწვავს, მაგალითად, მხოლოდ ბენზინის კონტრიბუცია ჯამურ ინფლაციას მნიშვნელოვნად ამცირებს - რომ არ ყოფილიყო საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასების შემცირება, ინფლაცია მაისში იქნებოდა 3%-ზე მეტი. გარდა იმპორტირებული ინფლაციის კლებისა. აღსანიშნავია შერეული საქონლის ფასების წლიური კლებაც, რომელიც ასევე მთლიანი ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს.

ამ ეტაპზე კვლავ მაღალი რჩება ადგილობრივი ინფლაციის მაჩვენებელი, თუმცა შემცირების დინამიკა აქაც შესამჩნევია. ჩვენი პროგნოზით, დისინფლაციის პროცესი შემდგომ თვეებშიც გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის ველოდებით 1%-იან ინფლაციას, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 3.1%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2023 წელს. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასება და რეკომენდაცია არის ის, რომ სებ-მა, რაც მაისში დაიწყო მონეტარული პოლიტიკის შერბილების კუთხით, სასურველია ივნისშიც იმ დოზით გაგრძელდეს, ხოლო შემდგომ თვეებში მოხდეს დაკვირვება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე სებ-ს ექნება საშუალება, რომ დამატებით 100-150 საბაზისო პუნქტით შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი“, - განაცხადა ქავთარაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 10 მაისს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად 10.5% პროცენტს შეადგენს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში ინფლაციის შემცირება გახდა, რადგანაც აპრილში ინფლაციის დონე სამიზნე 3%-ს ჩამოსცდა და 2.7% შეადგინა.

მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 21 ივნისსაა დაგეგმილი.