14.თებერვალი .2020 10:15

Galt&Taggart: სამთო კურორტებს განსაკუთრებულად კოორდინირებული მენეჯმენტი სჭირდება

views 346
უკან

Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის კახა სამყურაშვილის აზრით, "სამთო კურორტებს განსაკუთრებულად კოორდინირებული მენეჯმენტი სჭირდება".

ამის შესახებ სამყურაშვილმა bm.ge-ის მიმდინარე წლის დასაწყისში ბაკურიანსა და გუდაურში შექმნილი პრობლემების კომენტირებისას და მსგავსი სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, უფრო ეფექტიანი მენეჯმენტის საჭიროებაზე საუბრისას განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს მთავრობა კურორტების უკეთესად სამართავად ახალი სსიპ-ების შექმნას აპირებს. აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 იანვარს დავოსში გააჟღერა. "ჩვენ უკვე გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, მსგავს ზონებში მენეჯმენტ-კომპანიების შესაქმნელად", - თქვა პრემიერმა. მოგვიანებით კი, როგორც bm.ge-მ გაარკვია, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი უკვე პარლამენტშია, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ, რეალურად, პრემიერის განცხადება მხოლოდ დროში დაემთხვა ამ კანონპროექტის პარლამენტში გაგზავნას და ბაკურიანსა და გუდაურში შექმნილ პრობლემებთან პირდაპირი კავშირში არააა.

Galt&Taggart-ში ამ ინიციატივის შეფასებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებენ, მაგრამ ფიქრობენ, რომ "რაც უფრო მეტად ვითარდება საქართველოს ტურიზმის სექტორი, მით უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება კურორტების მოწესრიგებასთან და განვითარებასთან დაკავშირებით".

"ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ზამთრის კურორტებია გამოსაყოფი, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვახსენებთ ხოლმე მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს და ეს კატეგორია სწორედ ზამთრის კურორტებს სტუმრობს. ამ მიმართულებით ძალიან დიდი ფუფუნება გვაქვს; ვგულისხმობ ბაკურიანს, გუდაურს, სვანეთს, აჭარას... შესაბამისად, სამთო კურორტებს სჭირდება განსაკუთრებულად კოორდინირებული მენეჯმენტი და გრძელვადიანი სტრატეგიები. მე ვნახულობდი სხვა ალპური კურორტების განვითარების გეგმებს და ყველას აქვს გრძელვადიანი სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კურორტი და ვფიქრობ, კოორდინიაცია, განსაკუთრებით მთის კურორტების შემთხვევაში, სადაც ბევრი სხვადასხვა მიმართულებაა - მთის მოწესრიგება, ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც სახეზე იყო წლის დასაწყიში, ვფიქრობ, ამას ერთი ფანჯრის პრინციპით თუ მოემსახურება შესაბამისი უწყებები, ძალიან კარგი იქნება", - განაცხადა სამყურაშვილმა.

გარდა ამისა, კურორტების თანმიმდევრულად განვითარების საჭიროებაზე საუბრისას Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა ყურადღება განაშენიანების გენერალური გეგმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. "ეს ჩარჩოში მოაქცევს კურორტის განვითარებას, რადგან, ასათვისებელი ადგილები ცოტაა, ამიტომ ათვისება უნდა მოხდეს მაქსიმალურად ეფექტიანად", - აღნიშნა მან და თხილამურსა და სნოუბორდზე თავისუფალი სტილით სრიალის ჩემპიონატი გაიხსენა, რომელიც 2023 წელს ბაკურიანში ჩატარდება.

"ვფიქრობ, ეს ჩემპიონატი არის გასაღები შემდგომი ეტაპის განვითარებისთვის; ფაქტობრივად, ამ ტურნირის შემდეგ ბაკურიანი და გუდაური მოხვდება სამთო კურორტების რუკაზე; თვითონ ტურნირი კი, 2 კვირა გაგრძელდება, მაგრამ მისი დასრულების მერე ბაკურიანი და გუდაური რჩება როგორც ძალიან სეროზული მიმართულებები და ვფიქრობ, ამ ტურნირისთვის მზადების პროცესი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ხარვეზები რაც არის, იგივე განაშენიანებაში, მაქსიმალურად აღმოიფხვრას", - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.