მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: წელს ეკონომიკა 5%–ით გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს ტურიზმის აღდგენა

6200ca3121f85
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.22 11:33
583
საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონის 80% შეადგინა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომლის ავტორები თვლიან, რომ ეს მაჩვენებელი ტურიზმის აღდგენის დინამიკის პროგნოზთან თანხვედრაშია (2022 წელს ტურიზმის შემოსავლებს 2019 წლის 80-85%-ზე პროგნოზირებენ).

„ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა 2022 წლის იანვარში და ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის იანვრის დონის 53.5% შეადგინა, რაც გაუმჯობესებული მაჩვენებელია 2021 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით (45%). ამასთან, ერთდღიანი ვიზიტორები კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის ყოველ კვირეული აღდგენის მიმოხილვაში.

მიმოხილვის ავტორების შეფასებით, 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.0% გაიზრდება, რასაც ხელს ტურიზმის აღდგენა შეუწყობს.

„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში საქართველოს რეალური მშპ-ის წლიურმა ზრდამ, წინა თვის 12.0%-იანი ზრდის შემდეგ, 9.6% შეადგინა. ამასთან, რეალური მშპ 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 0.9%-ით არის გაზრდილი.

დეკემბერში ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროები და რესტორნების, ელექტროენერგიის მიწოდების, უძრავი ქონების და ხელოვნება, გართობა, დასვენების საქმიანობის დარგებში. ამასთან, კლებას ჰქონდა ადგილი მშენებლობის დარგში. ჯამურად, 2021 წელს, საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა (+3.1% 2019 წელთან შედარებით). ჩვენი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 5.0%-ით გაიზრდება, რასაც ტურიზმის აღდგენა შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.