მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ი 2020-ში ეკონომიკის ზრდის 4%-მდე შენელებას არ გამორიცხავს

5dc54410e6983
თელარა გელანტია
08.11.19 15:50
1823
"ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკურ ზრდას წელს ორი მთავარი გამოწვევა აქვს და ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოში შეიძლება იმაზე უფრო დაბალი იყოს, ვიდრე ამ ეტაპზე EBRD-ის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებია", - ეს განცხადება Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა "ანალიტიკაში" გააკეთა.

ევა ბოჭორიშვილი 2020-ში ეკონომიკის ზრდის 4%-მდე შენელებას არ გამორიცხავს ორი რისკფაქტორის გათვალისწინებით:

"ჩვენი საბაზისო პროგნოზით, ველოდებით, რომ ეკონომიკის ზრდა წელს 4.5% იქნება, მომავალი წლისთვის კი,  4.7%-ია ჩვენი პროგნოზი, მაგრამ თუ 2020 წელს ეროვნული ბანკის მიერ არ მოხდა მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ანუ თუ საპროცენტო განაკვეთმა ლარში არ დაიწია და საინტერესოა მეორე ფაქტორიც - ვიცით, რომ 2020 წელს გვაქვს საპარლამენტო არჩევნები და თუ ბიზნესის განწყობები ამ არჩევნებთან დაკავშირებით გაუარესდა, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა შეიძლება 4%-მდე შენელდეს. ესაა ჩვენი ვარაუდი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ მათი შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპთან დაკავშირებით, EBRD-ის და IMF-ის კონსერვატიული მიდგომა უფრო სწორია.

ცნობისთვის: EBRD-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნა. როგორც სულ რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე და მომავალ წელს ერთი და იგივე ნიშნულით - კერძოდ, 4.5%-ით გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს ასევე 4.5%–იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, 2020 წელს კი – 5%-ს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი, საქართველოში 2020 წელს უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას ელის, ვიდრე ეს თავდაპირველად ივარაუდა. IMF პროგნოზს 4.8%-დან 4.3%-მდე ამცირებს.

ეკონომიკის ზრდაზე G&T-ის განახლებული პროგნოზი შეგიძლიათ წაიკითხულ ბმულზე.