მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart თბოსადგურის გახსნაზე: "ენერგოდამოუკიდებლობისთვის ჰიდროსადგურებიც გვჭირდება"

5e2408cf5ca55
ნუცი ბაზლიძე
19.01.20 11:40
1204
„თბოსადგურის(გარდაბანი 2) გახსნა, უმეტესწილად ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან კარგი ნაბიჯია, ვინაიდან ეს გვაძლევს გარანტირებულ სიმძლავრეს, რეზერვის წყაროს, მუდმივ გენერაციას. თბოსადგური მუშაობს გაზზე, რაც აგრეთვე იმპორტირებული წყაროა, თუმცა თბოსადგურებისთვის გამოყოფილია ე.წ სოციალური გაზი, რაც „შაჰდენიზით“ მიღებული შედარებით იაფიანი გაზის წყაროა“, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა მარიამ ჩახვაშვილმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში გარდაბანში თბოსადგურის გახსნაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს პრიორიტეტებში ჰიდროსადგურები კვლავ არის, თუმცა, თბოსადგური არის შედარებით მარტივი ასაშენებელი და მოსახლეობის პროტესტის ობიექტიც ნაკლებად ხდება, მიუხედავად იმისა რომ, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ჰიდროსადგური თბოსადგურთან შედარებით ეკოლოგიურად უფრო სუფთაა.

„ნებისიერი პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც ქვეყნდება, ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ყოველთვის პირველ ადგილზეა და მკაფიოდაა გამოკვეთილი. თბოსადგურები და გაზსაცავი, რომელსაც ასევე აშენებენ, გარკვეულწილად გვაძლევს ენერგოუსაფრთხოებას, თუმცა ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნაბიჯების გადასადგმელად ჰიდროსადგურებიც აუცილებლად გვჭირდება“, - განმარტა Galt&Taggart -ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

გადაცემაში საუბრისას, მარიამ ჩახვაშვილმა დასძინა, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი თბოსადგურები, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ძველი თბოსადგურების ჩამნაცვლებელი.

„ძველი თბოსადგურები შედარებით დაბალი ეფექტურობით მუშაობს და შეიძლება ახალმა მეტი ეფექტურობა მოგვცეს. შესაძლოა, იგივე გაზის რესურსი უფრო ეფექტურად იქნას გამოყენებული ახალ თბოსადგურებში“, - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ გახსნა.