მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გამა” - ლარის კურსის არასტაბილურობის გამო პროდუქციაზე ფასის ზრდა მოგვიხდა

6001433281b28
ლიკა გურაბანიძე
16.01.21 09:30
802

პლასტილინის მწარმოებელი ქართული კომპანია “გამას” დამფუძნებელი ზურაბ აბაშიძე “საქმიან დილაში” პანდემიის გამო შექმნილ სირთულეებზე საუბრობს. ამბობს, რომ წარმოების შემცირებაც მოუწიათ და შექმნილ სიტუაციაში სამომავლო გეგმებსაც გადახედეს.

“სავაჭრო ქსელები დახურულია და ჩვენი პროდუქციის მიწოდება ონლაინ ხდება. შესაბამისად, მიწოდება საბითუმო ბაზარზე შემცირდა, რამაც წარმოების ნაწილში პრობლემები შექმნა. 



ბაზარზე 2019 წელს შემოვედით, მცირე მოცულობის პროდუქცია გვქონდა და მის გაზრდას 100-150%-ით ვგეგმავდით, თუმცა პანდემიამ თავისი გააკეთა და გაყიდვები, ასევე წარმოება შეგვიმცირდა. თუმცა, საერთო ჯამში 2019 წელთან შედარებით 2020 წელს წარმოების 20%-იანი ზრდა გვაქვს, ზარალს ავცდით” - აღნიშნა აბაშიძემ.



მეწარმე ამბობს, რომ კომპანიაში გასულ წელს პრობლემები ეროვნული ვალუტის არასტაბილურობამაც შექმნა. 



“პროდუქციის საწარმოებლად საჭირო მასალებზე იმპორტდამოკიდებულები ვართ.  პრობლემები ლარის კურსის არასტაბილურობამაც შეგვიქმნა, რის გამოც პროდუქციაზე ფასის კორექტირება დაგვჭირდა, რადგან წარმოება უნდა შეგვენარჩუნებინა. 2021 წელს იმედია იმ ფასებს შევინარჩუნებთ, რაც გვაქვს” - განმარტა “გამას” დამფუძნებელმა. 



ზურაბ აბაშიძის თქმითვე, კომპანია სამომავლოდ საექსპორტო ბაზრების ათვისებას გეგმავს, თუმცა ჯერ ამის გაკეთება სირთულეს წარმოადგენს. 



“საზღვრებს გარეთ პრიორიტეტი პროდუქციის მრავალფეროვნებაზეა და ამ ნაწილში ჩვენ გვიჭირს. რამდენიმე სახეობის პლასტილინის მიწოდება ჯერ ვერ ხერხდება, რადგან კომპანია ახალია და მისი წარმოებაც მცირეა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, სომხეთთან და უკრაინასთან გვქონდა” - განაცხადა აბაშიძემ.