მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამარტივებული საბაჟო პროცედურები ბიზნესისთვის - ვინ ისარგებლებს ახალი შეღავათით?

645df7a2400cf
ანუკა ჯოხაძე
12.05.23 13:21
7303

ბიზნესოპერატორებისთვის, რომელთაც საბაჟო პროცედურების გავლა ხშირად უწევთ და სხვადასხვა ბიოკრატიული ბარიერები პროცესს აფერხებს, შემოსავლების სამსახურს სიახლეები აქვს. ყველა ის კომპანია, რომელიც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს მოიპოვებს, უწყების პარტნიორი ხდება და ნაკლები ტექნიკური თუ ფიზიკური შემოწმების გავლა მოუწევს.

როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ამბობს, იმისთვის, რომ კომპანია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი გახდეს, შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.

“ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ აიღო გარკვეული ვალდებულება საბაჟო კანონმდებლობა და პროცედურები მოიყვანოს შესაბამისობაში ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და პროცედურებთან. აღნიშნული ასევე მოიცავს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შემოღებას.

სტატუსის მისაღებად კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული კრიტერიუმები. ნებისმიერ კომპანიას აქვს შესაძლებლობა მიუხედავად მისი ბრუნვისა და მოცულობისა მიიღოს ეს სტატუსი. კრიტერიუმებიდან მთავარი არის ის, რომ კომპანია იყოს ფინანსურად მდგრადი, გადახდისუნარიანი. ასევე მას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი დარღვევები საბაჟო და საგადასახადო მიმართულებით”, - ამბობს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძე.

კომპანია "გრანდ ენდ თორნთონში" აცხადებენ, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი კომპანიებისთვის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი უპირატესობების მომტანია.

აუდიტორულ კომპანიაში განმარტავენ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ აღიარებულ ავტორიზებულ ოპერატორს საშუალება ექნება საბაჟო სერვისებით ისარგებლოს იმგვარად, რომ ადგილზე არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებს თავი აარიდოს.

Grant Thornton-ის უფროსი საგადასახადო კონსულტანტი დავით ღავთაძე ამბობს, რომ სტატუსის მფლობელებს საბაჟო პროცედურების დასრულებამდე საქონლის საკუთარ საწყობში შენახვის შესაძლებლობა ექნებათ და ამასთან, შეეძლებათ საბაჟო ფორმალობები მათთვის მოსახერხებელ ადგილას წარმართონ.

“მაგალითად, თუ წარმოვიდგენთ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს საკვები პროდუქციის საბაჟო საზღვარზე შემოტანას, ჩვენ ვიცით, რომ იქ ძალიან ბევრი სტანდარტი უნდა იყოს დაკმაყოფილებული. როგორიცაა ტემპერატურას უცვლელობა, ასევე ხარისხის სტანდარტის დოკუმენტაცია, ადგილზე ხდება მათი შესწავლა და დაკმაყოფილება. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება, რომ კომპანიის მიერ მითითებულ ადგილზე შემოწმდეს.

ის სუბიექტიც, რომლისთვისაც ძალიან მგრძნობიარე საკითხია ავტომობილის მოცდენა საბაჟო საზღვარზე, რაც გულისხმობს მალფუჭებადი საქონლის გაფუჭებას და ხარისხის გაუარესებას, ეს ყველაფერი მოგვარდება”, - აცხადებს დავით ღავთაძე.

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი ამ დროისთვის სამმა კომპანიამ მოიპოვა: „ჰავი ლოჯისტიკსი“, „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“ და „შარმ ტრეიდინგი“.

კომპანიის ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი ამბობს, რომ საბაჟო პროცედურების გამარტივება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღებით უკვე შეძლეს. თეა წიქარიშვილი ამბობს, რომ მანამდე კომპანია, ახლო წარსულში გაუქმეულ ოქროს სიაშიც იყო.

“მანამდე ჩვენ ვიყავით ოქროს სიის წევრი კომპანია და ვსარგებლობდით ყველა იმ ბენეფიტით, რაც მას ჰქონდა. უკვე შევატყვეთ, რომ მაგალითად გაფორმების ეკონომიკურ ზონაში პრიორიტეტში ხვდება ჩვენი ტვირთი.

მოლოდინი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება ტვირთის განბაჟება, გამარტივებულად. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია, რადგან დიდი მოცულობის ტვირთი გადაგვაქვს”, - ამბობს "შარმ ტრეიდინგის" ექსპორტ-იმპორტის მენეჯერი თეა წიქარიშვილი.

ბიზნესის ნაწილი ახალ სტატუსსა და ოქროს სიას შორის, რომელიც რამდენიმე წლის წინა გაუქმდა, გაკრვეულ მსგავსებას ხედავს, თუმცა ამ კუთხით მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ სრულიად განსხვავებულ უპირატესობებსა და სტატუსზეა საუბარი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მუშაობა ქვეყნებს შორის ორმხრივი სტატუსის აღიარებაზეც მიმდინადრეობს, რომლის შემთხვევაშიც ავტორიზებული სტატუსის მქონე კომპანიები შესაბამისი შეღავათებით არამხოლოდ ევროკავშირში, არამედ სხვა ქვეყნებშიც ისარგებლებენ. ამჟამად მოლაპარაკებები მსგავსს შეთანხმებაზე თურქეთთან და ჩინეთთანაც მიდის.