მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამარტივებული შესყიდვები მაქსიმალურად შეიზღუდება - შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი

63289392377e0
ელენე გოგბერაშვილი
19.09.22 20:55
992
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში 2025 წლიდან საქართველომ საჯარო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობა ევროკავშირისას ეტაპობრივად უნდა დაუახლოოს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კანონპროექტი უკვე მზად აქვს, რომლითაც, როგორც ამჟამად მოქმედი შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი დებულებები, ისე შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი კარდინალურ რეფორმირებას განიცდის. მათ შორის ახლებურად რეგულირდება შავი სიის წარმოება, ასევე სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარებიან საჯარო შესყიდვის სპეციალისტები, ფართოვდება გასაჩივრებას დაქვემდებარებულ საკითხთა წრეც.

ამასთან ახალ კანონპროექტში გამარტივებული შესყიდვის პროცედურას ეცვლება სახელი და მას “წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა” ერქმევა. დოკუმენტის თანახმად, ძირითადი წინაპირობა, რომლითაც ასეთი შესყიდვები უნდა ჩატარდეს, არის “გადაუდებელი აუცილებლობა”, რაც ამჟამად არსებულ წესთან შედარებით უფრო ვიწროა, თუმცა უცნობია რა სახით იმოქმედებს ეს ამ შესყიდვების რაოდენობაზე. როგორც შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი bm.ge-სთან განმარტავს, წარმოდგენილი ცვლილებებით გამარტივებული შესყიდვები მაქსიმალურად შეიზღუდება.

„არ არსებობს სახელმწიფო, სადაც გამარტივებული შესყიდვები არ არის, ყველგან არსებობს გამარტივებული შესყიდვები, უბრალოდ ჩვენთან მაქსიმალურად შეიზღუდება და ევროკავშირში არსებულ გამარტივებულ შესყიდვების პროცენტულ ოდენობას მაქსიმალურად დაუახლოვდება. გადაუდებელი შესყიდვები აუცილებლობიდან გამომდინარე იქნება, რადგან ეს შეეხება ხანძარს, წყალდიდობას, გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, როცა ტენდერებს ვერ დაელოდება ვერც უწყება და ვერც მოქმედი პირი, რომელმაც თავისი საქმე ოპერატიულად უნდა განახორციელოს“,-აცხადებს ლევან რაზმაძე.

კითხვაზე, რა გამართლება აქვს მაგალითად ახალი წლის ღონისძიებების გამარტივებული წესით შესყიდვას, როცა შემსყიდველმა ერთი წლით ადრე იცის ამის შესახებ და რამდენად ჩაითვლება ასეთი ტიპის შესყიდვა გადაუდებელ აუცილებლობად, ლევან რაზმაძე ასე გვპასუხობს:

„თუ ჩაიხედავთ იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც სააგენტოს ბრძანებით მტკიცდება, ნახავთ, რომ ყველას თავისი წინაპირობა უძღვის და ეს არ არის ხელაღებით გაცემული ნებართვა, რომელზეც ვინმეს რაიმე პრეტენზია შეიძლება გააჩნდეს. ახალი წელი ავიღოთ თუნდაც, არის ტენდერები როცა გამოცხადდება ერთხელ, ორჯერაც და გვიახლოვდება ის პერიოდიც, თუმცა მთელი წელიც არსებობს ამისთვის, მაგრამ არსებობს ის მწარმოებლებიც, რომლებიც ერთი წლით ადრე არ იწყებენ ნაძვის ხეები იქნება, თუ საჩუქრების დამზადებას, აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენს მიღებულ გადაწყვეტილებას თან ახლავს ახსნა“.

გამარტივებული შესყიდვებით მთავრობა როგორც საჩქარო, ასევე მიმდინარე პროექტებს ახორციელებს. მაგალითად, თბილისობის ან ახალი წლების კონცერტების ორგანიზება, სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის ახალი სტადიონების და ინფრასტრუქტურის მშენებლობა (ევრობასკეტის სტადიონი, 2023-ის სათხილამურო ჩემპიონატის სამზადისი) და ამ მიმართულებით უტენდეროდ ასობით მილიონს ხარჯავს. უტენდეროდ გაწეული ხარჯები ყოველთვის ექცეოდა აუდიტის სამსახურის და NGO-ების ყურადღების ცენტრში, რადგანაც ის გაუმჭვირვალედ ხარჯვის და პირობების მორგების მომეტებულ რისკებს შეიცავს.