მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გამიკვირდება, რომ სტატუსი წელს მოგვცენ“ – ფადი ასლი

643a47e2aa25a
ელენე კვანჭილაშვილი
15.04.23 14:29
851
აშშ-მა 5 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და იმპლიკაციებს, მათ შორის, საინვესტიციო გარემოს კუთხით, ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“ საქართველოში უცხოელი ინვესტორების ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანების ხელმძღვანელს, ICC Georgia-ს თავმჯდომარეს ფადი ასლის ესაუბრა.

ინტერვიუს ამ ნაწილში ფადი ასლი საქართველოს მიერ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივას აფასებს.

რას შეცვლის მოსამართლეებზე დაწესებული სანქცია? გვესმის უკვე ხელისუფლების მომხრეთა ნაწილის შეფასებები, რომ ამერიკის ეს გადაწყვეტილება აღრმავებს პოლარიზაციას და შესაბამისად, კონტრპროდუქტიული იქნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიღებისთვის ..

მოსამართლეებზე დაწესებული სანქცია ძალიან მძიმე სანქცია არ არის – მაგრამ ძალიან სიმბოლური გზავნილია, რადგან ამერიკა–საქართველოს 30 წლიანი მჭიდრო პარტნიორობის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკა – ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაზე მეტად გვიჭერდა მხარს და ახლაც გვიჭერს – საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებას ატარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უფრო მეტად გზავნილია, ვიდრე სანქცია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ გაასწორებს ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. უფრო სერიოზული სანქციები. სწორედ ამ კონტექსტში უნდა გააანალიზოს ეს გზავნილი საქართველოს მთავრობამ და არა იმ კონტექსტში – აბა, დაგვიმტკიცეთ რა ჩაიდინა კონკრეტულმა მოსამართლემ – ეს არ არის რელევანტური. კონტექსტია – რა არის შემდეგი ნაბიჯი? იგივე ხაზს გავაგრძელებთ და დავიმსახურებთ სერიოზულ სანქციებს თუ შევიცვლით კურსს, ვიმუშავებთ 12 წინაპირობაზე, სწორად ავაშენებთ ქვეყანას, შევაჩერებთ კორუფციას და გავმართავთ სასამართლო სისტემას?

საკმარისი დრო რჩება ოქტომბრამდე?

და რა მოხდება – დევიდ კოპერფილდი ჯოხს აიქნევს და ყველაფერი დალაგდება? შედეგებია საჭირო.

გამოდის, თქვენ არ იზიარებთ სამოქალაქო საზოგადოების ოპტიმიზმს, რომ თუ ხელისუფლება სტატუს–კვოს შეინარჩუნებს და სიტუაციას კიდევ უფრო მეტად არ დაამძიმებს – და რადგან ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ტრანს–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ – შესაძლოა ევროკავშირმა მაინც მოგვანიჭოს სტატუსი და გვითხრას, რომ რეფორმები მოგვიანებით დავასრულოთ?

არა, არ მგონია, რომ ეს ასე მოხდება. ქვეყანაზე პასუხისმგებელია მთავრობა და არა – ხალხი. საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ამ ვითარებაში, როცა მთავრობამ ევრო–ატლანტიკურ კურსს გადაუხვია, მისთვის ნამცხვრის ნაჭრის მირთმევა იქნება. არც 12 წინაპირობა შესრულდება 2024 წელს. რადგან თუ შესრულდება, მაშინ ქართული ოცნება ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. მათ მოუწევთ მონაწილეობის მიღება არჩევნებში, რომელიც პროპორციული წესით გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უმრავლესობას დაკარგავს. და თუ აღარ ეყოლება უმრავლესობა, ამას მათთვის უარყოფითი შედეგები მოჰყვება – შესაძლოა, კორუფციის თუ სხვა გადაცდომების გამო მათ წინააღმდეგ გამოძიებების დაწყებაც. ვფიქრობ, ქართული ოცნება ბოლომდე უხეშ თამაშს გააგრძელებს. ეს ჩემი აზრია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ძალიან გაოცებული დავრჩები, თუკი წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მართლაც მივიღებთ.

რა იქნება შედეგი?

ადამიანები უფრო გაბრაზდებიან. 2024 წელი პოლიტიკურად ძალიან დაძაბული წელი იქნება. როცა ნორმალური მთავრობა გვეყოლება, რომელიც სწორად იმუშავებს 12 წინაპირობაზე – ამის შემდეგ ისევ შევძლებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი კარს საბოლოოდ მოგვიხურავს. თუმცა, ძალიან გამიკვირდება, რომ სტატუსი წელს მოგვცენ.