მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ღამის ეკონომიკისთვის არაფერი გაკეთებულა” - დედაენის ბარი

614b830aa539c
ანუკა ჯოხაძე
22.09.21 23:18
638
თბილისის მერმა კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის პროექტის პრეზენტაცია ორი წლის წინ, 2018 წელს გამართა და საზოგადოებას გააცნო ის მთავარი მიმართულებები, რაზეც ღამის ეკონომიკის პროექტში ჩართული ადამიანები იმუშავებდნენ. პროექტის მენეჯერად კი სერგი გვარჯალაძე დანიშნა.

პროექტს სექტორში ჩართული სუბიექტების მხრიდან კრიტიკა არ მოკლებია. დღესაც ღამის ეკონომიკაში ჩართული კომპანიები აცხადებენ, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით თბილისის მერიის მხრიდან არაფერი გაკეთებულა. ბარ “დედაენას” დამფუძნებელმა არც ის იცის, რა გეგმა აქვთ თბილისის მერობის კანდიდატების ღამის ეკონომიკის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებითაც. 

“რეალურად არსებობდა ხედვა, რომ თითქოს ღამის ეკონომიკა უნდა განვითარებულიყო და ამაში უნდა ჩართულიყო ქალაქის მერიაც, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოოდ მაინც მხოლოდ ბიზნესის ძალისხმევით გაკეთდა. ამ პროცესში თბილისის მერია არ იყო ჩართული და მათ ჩვენი სექტორისთვის არაფერი გაუკეთებია. ძალიან მეეჭვება, რომ რომელიმე მერობის კანდიდატს ღამის ცხოვრების სფერო ჰქონდეს შესწავლილი. არცერთი არ გამოსულა ჩვენთან კონტაქტზე, ამიტომ მგონია, რომ ჩვენს ბიზნესზე მორგებული ხედვა არცერთს არ აქვს. ეს სექტორი პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა, ვინც გადავრჩით ვსაჭიროებთ თანადგომას, დახმარებას და გრძელვადიან გეგმას", - აცხადებს ბარ “დედაენას” დამფუძნებელი დათა ლაფაური.

თბილისის მერი კახა კალაძე კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მისი განმარტებით, მათ შორის იყო პანდემიის პერიოდში საკლუბო ინდუსტრიის ფინანსური დახმარება.

“ღამის ეკონომიკის მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ბოლო 4 წლის განმავლობაში. მაქსიმალურად დავუდექით საშუალო და მცირე ბიზნესს განსაკუთრებით ამ რთულ მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანი დახმარებები გავუწიეთ საკლუბო სცენებს, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათ შეძლონ ფუნქციონირება და გააგრძელონ მუშაობა. ამას ხელს უშლის არსებული კოვიდ-სიტუაცია. ღამის ეკონომიკის ფარგლებში ყურადღების მიღმა არავის დავტოვებთ და საკლუბო სცენასაც მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ იმისთვის, რომ მათ მომავალში შეძლონ მუშაობა და ფუნქციონირება", - აცხადებს კალაძე.