მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი კეთილგანწყობილია პატრიარქის, კალაძის და გახარიას მიმართ - IRI

6107fa9931f58
თამთა ჯიჯავაძე
02.08.21 17:59
3964
საქართველოში IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 88% საქართველოს პატრიარქის მიმართ კეთილგანწყობილია, 7% - არაკეთილგანწყობილი, 1%-ს არ გაუგია პატრიარქის შესახებ, ხოლო 5% პასუხისგან თავს იკავებს.

საჯარო პირებს შორის პატრიარქის შემდეგ გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (58%) კეთილგანწყობილია კახა კალაძის მიმართ, არ არის კეთილგანწყობილი გამოკითხულთა 37%, 1%-ს არ გაუგია კალაძის შესახებ, ხოლო 4% - თავს იკავებს.

მესამე ადგილზეა გიორგი გახარია. მის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 56%, არ არის კეთილგანწყობილი გამოკითხულთა 39%, 1%-ს არ გაუგია მის შესახებ, ხოლო 5% - თავს იკავებს.

მეოთხე ადგილზეა ირაკლი ღარიბაშვილი. მის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 40%, არ არის კეთილგანწყობილი გამოკითხულთა 54%, 2%-ს არ გაუგია მის შესახებ, ხოლო 5% - თავს იკავებს.

მეხუთეზე კი ნიკა მელიაა. მის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 39%, არ არის კეთილგანწყობილი გამოკითხულთა 39%, 1%-ს არ გაუგია მის შესახებ, ხოლო 6% - თავს იკავებს.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.