მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამონაკლისების გარდა, ქვეყანაში ყველა მშენებლობა შეჩერდება

5e849a35b2dd6
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.20 17:49
6308
31 მარტიდან საქართველოში გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობა არის ძალაში. მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელება არის შესაძლებელი. ამ საგამონაკლისო დარგების ჩამონათვალი მთავრობის მიერ 30 მარტს მიღებულ დადგენილებაში არის განსაზღვრული, თუმცა მასში მშენებლობის დარგი არ შედის. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე ეს ეკონომიკური საქმიანობა არ არის დაშვებული.

თუმცა, მთავრობის ამავე დადგენილებაში განსაზღვრულია, რომ სახელმწიფოს საგამონაკლისო წესით შეუძლია ცალკეულ კომპანიებს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მიანიჭოს. ინფრასტრუქტურის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით პირველ რიგში საქმიანობა, რომელსაც შეზღუდვა არ შეეხება სახელმწიფოს დაკვეთით მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაა. ამასთან, მინისტრი ყუდარღებას ამახვილებს იმაზე, რომ კომპანიებმა, რომლებსაც სურთ გააგრძელონ საქმიანობა, უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად იცავენ უსაფრხოების ნორმებს.

"კითხვაზე იმუშავებს თუ არა ყველა კომპანია, რომელიც საჯარო სექტორს აწვდის სერვისს, ჩემი პასუხი არის რომ ყველა სერვისი ვერ იმუშავებს. ჩვენ განვსაზღვრავთ მხოლოდ აუცილებელ სერვისებს, რომელთაც მათ შორის იღებს საჯარო უწყება, შესაძლოა საჯარო დაწესებულებებმაც დროებით უარი თქვან გარკვეულ სერვისებზე, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ იქნება მიჩნეული აუცილებლობად.

იგივე ეხება მშენებლობას. მშენებლობასთან მიმართებით, როგორც უკვე განვაცხადეთ მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ყველა წესის უპირობო დაცვა, ისინი გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ ასევე მოხდება კერძო სექტორთან მიმართებაში და ის ორგანიზაციები, რომლებიც წარადგენენ მუნიციპალიტეტებში და ოპერატიულ შტაბებში დასტურს იმისას, რომ მათი სამუშაო პროცესი ორგანიზებულია ისე, რომ ეს შეესაბამება სრულად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს, ასეთ სამშნებლო კომპანიებს და ასეთ სამშენებლო ობიექტებს მიეცემათ მუშაობის გაგრძელების საშუალება", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. 

საქსტატის ინფორმაციით, მშენებლობის დარგი 2018 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 98,000 ადამიანს ასაქმებდა, ამ ადამიანების ნაწილი ამჟამად ფაქტობრივად უმუშევრად არის დარჩენილი

სრულად საგამონაკლისო წესით განსაზღვრული საქმიანობების ჩამონათვალი, ანუ სფეროების სია, რომლებზეც არ ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ასეთია:

„მუხლი 7. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა

1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა. 

(ამ ჩამონათვალში სამშენებლო სფერო არ შედის)

დღესვე საქართველოს მთავრობამ ოპერირების გაგრძელების ნებართვა მისცა იმ კომპანიებსაც, რომლებიც საგამონაკლისო სექტორებში არ ხვდებიან. 

67 კომპანიის ჩამონათვალს, ვინც საქართველოს მთავრობისგან მიიღო საქმიანობის გაგრძელების უფლება, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.