მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამორიცხულია „TV პირველი“ ჩააქროთ - ტელეკომპანიის დამფუძნებელი ხელისუფლებას მიმართავს

604a173307119
ინგა მურუსიძე
11.03.21 17:20
1610
გამორიცხულია „TV პირველი“ ჩააქროთ, - ამ სიტყვებით მიმართა ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ხელისუფლებას სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ტელევიზიაში ჩატარდა. ის ასევე მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და მიიჩნევს, რომ მიმდინარე „ისტერიის ჩახშობა მხოლოდ მათ შეუძლიათ“.

„ვფიქრობ, დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან და დღეს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პროკურატურას შეუძლია, იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაღაცა არარსებული, მითიური ელექტრო ხელსაწყო. მივმართავ ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია, თქვენ „ტვ პირველი“ ჩააქროთ. მოგმართავთ თქვენ, გამორიცხულია შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში.

მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ, გთხოვთ სწრაფ რეაგირებას, რადგან დღეს უკვე სასამართლოს დადგენილებაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ პროკურატურას შეუძლია ძალის გამოყენებით შემოსვლა ტელევიზიაში.

დღეს „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი არის, რომ შემოვიდნენ ტელევიზიაში და ტვ პირველმა აღარ იმაუწყებლოს“, - განაცხადა ვატო წერეთელმა.

ტელევიზიის იურისტის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას „TV პირველი“ გაასაჩივრებს.

ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია პირველმა გუშინ მიიღო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, პროკურატურას აქვს ნებართვა, შევიდეს ტელევიზიაში, საჭიროების შემთხვევაში პროპორციული ძალის გამოყენებით, რომ ამოიღოს ის მოწყობილობა, რომელიც ტელევიზიამ სანდო წყაროსგან მიიღო. საუბარია აუდიოჩანაწერებზე, რომელიც "TV პირველმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და რომლებშიც სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასევე ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ. ჩანაწერების მიხედვით, პირები ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ, სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები - ჩანაწერს ექსპერტიზა არ ჩატარებია. ამ სამ მოქმედ პირს შორის ორმა – ანზორ ჩუბინიძემ და ბერა ივანიშვილმა ჩანაწერებზე საჯაროდ ისაუბრეს. ორივე მათგანმა ჩანაწერის შინაარსის ნაწილი დაადასტურა, თუმცა, თქვეს რომ ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ჩანაწერები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა.