მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამოსავალი მგზავრობის საფასურის ზრდაშია" - "თბილისის მიკროავტობუსი" კალაძის პრეტენზიებზე

5dde6a895f747
თათია ჩაფიჩაძე
27.11.19 16:20
1615
„თბილისის მიკროავტობუსის ზარალი 115 მლნ ლარია, რაც კურსის გაუფასურებამ და მგზავრობის ტარიფის ძველ ნიშნულზე შენარჩუნებამ განაპირობა“, - ამის შესახებ თბილისის მიკროვატობუსის გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც დედაქალაქის მერ კახი კალაძის კრიტიკულ შეფასებებს უპასუხა.

„ზოგიერთ მიკროავტობუსს ძირი აქვს გავარდნილი” - თქვა დღეს კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და თბილისის ვიცე-მერს დაავალა, რომ ორი კვირის განმავლობაში წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება 2020 წლიდან.

თავის მხრივ, დავით ასანიძის თქმით, არსებული სოციალური ფონის გამო მგზავრობის ტარიფი 8 წელია არ გაზრდილა, რამაც კომპანიას რებრენდინგის საშუალება არ მისცა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ 2011 წლიდან ვმუშაობთ და ლიცენზია გვაქვს 2031 წლამდე. საკონკურსო პირობების თანახმად, განვაახლეთ მიკროავტობუსების პარკი. დაახლოებით, 63 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ. მაშინ ლარის კურსი დოლართან 1.65-ის ნიშნულზე იყო. ჩვენი ბიზნეს გათვლაც იყო ამ კურსზე და ჩადებული გვქონდა 10%-20%-იანი ცვლილება. ამის მერე კომპანიის იდეა იყო, რომ თუ დოლარი იმაზე მეტად შეიცვლებოდა, ვიდრე გვქონდა გათვლილი, ეს აისახებოდა ტარიფზე, მაგრამ როგორც ხედავთ, ლარის კურსი რადიკალურად შეცვლილია, მაგრამ ეს არ ასახულა ტარიფზე. ამის გარდა, თავიდანვე საჭიროზე 600 მიკროავტობუსით მეტი შევიძინეთ, რაც მერე გავყიდეთ და ამან 15 მლნ ლარზე მეტი ზარალი მიაყენა კომპანიას. დღეისთვის, რომ გითხრათ აუდიტორულად დადასტურებული ზარალი 115 მლნ ლარს შეადგენს. ჩვენ, ფაქტობრივად, ზარალზე ვმუშაობთ, რომელსაც კომპანიის მფლობელები ფარავენ“, - განაცხადა თბილისის მიკროვატობუსის გენერალურმა დირექტორმა.

დავით ასანიძე ამბობს, რომ 8 წლის განმავლობაში მგზავრობის საფასურის შეცვლა მარტივად შეეძლოთ, მაგრამ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, ეს არ გააკეთეს.

„ჩვენ გაგებით ვეკიდებოდით იმ ეკონომიურ მდგომარეობას, რაც არსებობს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ახალი ავტობუსები ჩამოვიდა, ამანაც მგზვარები მოგვაკლო. ჩვენი წინასწარი გათვლებით, დოლარის კურსი 20%-ზე მეტად რომ არ შეცვლილიყო, 2018 წელს ყველა მანქანა გამოცვლილი იქნებოდა, მაგრამ მარტო კურსის ცვლილებამ 50 მლნ-იანი ზარალი მოგვაყენა. ამის გარდა, გაძვირდა საწვავი, 2011 წლის შემდეგ ყველაფრის ფასები გაორმაგდა და ამ რიცხვში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმიტომ არ შედის, რომ ის სუბსიდირებულია მერიის მხრიდან. დოტაციის თანხები დარწმუნებული ვარ, მათაც გაეზარდათ“, - განაცხადა ასანიძემ.

პრესკონფერენციაზე დავით ასანიძემ კომპანიაში მძღოლების ხელფასებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დღიური ანაზღაურება კვლავ 40 ლარია, რის გამოც ისინი სამუშაოს ტოვებენ.

„როდესაც ოპერირება დავიწყეთ, მძღოლს 40 ლარი უნდა დარჩენოდა და მაშინ ეს კარგ ფასად ითვლებოდა, დღეს კი, ეს თანხა ძალიან მცირეა, ამიტომ მძღოლები მასიურად მიდიან. ასევე ხაზი უნდა გავუსვა გამონაბოლქვის თემას, ყველა მიკროავტობუსს გავლილი აქვს ტექდათალიერება, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ ცუდი სწავავის გამო ბოლავს ან შეიძლება მერე მოხდეს რამე. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ სკითხს. არ ვცდილობთ სხვა გამოსავლის პოვნას, მაგრამ თუ ამ სიტუაციაში მოხერხდება მგზავრობის ფასზე ამ პრობლემების ასახვა, მაშინ კომპანია შეძლებს განაახლოს მიკროავტობუსების პარკი და მომსახურება აიყვანოს მაღალ დონეზე, იქნება ეს კონდინცირება თუ - ჰიგიენური პრობლემები. ამის გამოსავალი არის ის, რომ ეს პრობლემა აისახოს ფასში. თუ გათვალისწინება მოხდება, მზად ვართ, ეს ყველაფერი ეტაპობრივად 2020 წლიდან განვაახლოთ“, - განაცხადა დავით ასანიძემ.