მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოწვევები ენერგეტიკაში, რაზეც რომეო მიქაუტაძემ უნდა იმუშაოს - ენერგეტიკოსის მოსაზრება

61cafc06c3d12
მარიამ ვარადაშვილი
28.12.21 17:17
721

„გენერაციის ობიექტების მშენებლობა უნდა დაჩქარდეს“ - ენერგეტიკოს გია არაბიძის აზრით, ეს ის მთავარი გამოწვევაა, რომელზეც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ახალმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს.

საქმე ის არის, რომ რომეო მიქაუტაძეს ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულება ჩაბარდა. ის ამ დრომდე თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფს“ ხელმძღვანელობდა, მაგრამ ენერგეტიკის სექტორს კარგად იცნობს - 2017-2018 წლებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა, რომელიც ენერგეტიკისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების შერწყმის შედეგად გაერთიანებულ სამინისტროშიც გარკვეული პერიოდი შეინარჩუნა.

გია არაბიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ რომეო მიქაუტაძე ენერგეტიკის სექტორში წლების გამავლობაში მუშაობდა, დარგში არსებული გამოწვევები კარგად იცის. თავად ენერგეტიკოსი ამ მხრივ, როგორც ჰიდრო, ასევე ქარსა და მზეზე მომუშავე ახალი გენერაციის სადგურების განვითარებას, აფხაზეთთან „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ენერგიის განაწილებაზე შეთანხმებული პროპორციების დაცვას, ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებას და ასევე მესტიაში პრობლემის მოგვარებას გამოყოფს.

„ენერგეტიკის სექტორს დღეს გამოწვევები აქვს. პირველი და უმთავრესი პრობლემა არის ის, რომ გენერაციის ობიექტების მშენებლობა უნდა დაჩქარდეს. რომეო მიქაუტაძე წლების გამავლობაში მუშაობდა ამ სექტორში და ეს საკითხები იცის;
ასევე მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის იმპორტის მინიმიზაცია, რადგან დიდი ოდენობით თანხა გადის საქართველოდან მეზობელ ქვეყნებში.

მესამე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხია აფხაზეთთან ურთიერთობა. ამ ეტაპზე იქ არის ორგანიზაცია „ჩერნომორ ენერგო“, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს აფხაზეთს. მათთან ურთიერთობის შედეგად, იქნებ დავარეგულიროთ „ენგურჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების საკითხი ისე, რომ 40/60 ფარდობა დაცული იყოს. ამასთან, ეს საკითხი დარეგულირდეს ყოველდღიურ ჭრილში - მაგალითად, თუ ენგურჰესმა გამოიმუშავა 100კვ/სთ ელექტროენერგია, მისი 40% - აფხაზეთს, ნაწილი - დანარჩენ საქართველოს. ამ ნაწილში აღსრულების პრობლემა გვაქვს. ბოლო წლებში არათუ დღიურ და თვიურ, არამედ წლიურ ჭრილშიც კი, დაახლოებით, 53-54%-მდე მიაღწია ოკუპირებული აფხაზეთის მიერ „ენგურჰესიდან“ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარებამ, ამიტომ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც მოსაგვარებელია.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მესტიაში კრიპტოვალუტის მაინინგის პრობლემის მოგვარებაც“, - აცხადებს გია არაბიძე.