მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოწვევები სატვირთო გადაზიდვებში - რას ითხოვენ გადამზიდველი კომპანიები?

62740af15f2f7
ალა ისპირიანი
05.05.22 22:40
1397
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მთავარი რასაც ქართველი გადამზიდველები ითხოვენ, უცხოურ გადამზიდავ კომპანიასთან გათანაბრებაა.

როგორც დავით მესხიშვილმა „საქმის კურსში“ განაცხადა, კომპანიებს, რომელსაც სხვა ქვეყანა არ არეგისტრირებს, საქართველოში შემოდიან, რეგისტრირდებიან და ტვირთების გადაზიდვას ამ გზით ახორციელებენ.

„ეს არაა მარტივი თემა და მხოლოდ ტრანსპორტის სექტორის სპეციალისტების ჩართულობა არ კმარა, საგარეო საქმეთა სამინისტროების ჩართულობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ თურქეთი ჩვენი პარტნიორია, მაშინ იმაზე შეთანხმებასაც უნდა ვახერხებდეთ, რომ ნებართვები ორმხრივად საჭირო რაოდენობით იყოს და ხელოვნური კრიზისი არ იქმნებოდეს.

მაგალითად სომხეთის შემთხვევაში, იქ რეგისტრირებულ კომპანიებს შეუძლიათ საქართველოში შემოვიდნენ და ტვირთი გადაზიდონ. საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს კი სომხეთში შესვლა და სხვა მესამე ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვა არ შეუძლიათ. ეს დიდი ხანია ასე გრძელდება, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს.

დეტალური კვლევა უნდა ტარდებოდეს და მთავარი, რასაც ჩვენი გადამზიდავები ითხოვენ, თანაბრობაა. ეს გულისხმობს იმას, რომ კომპანია, რომელიც სხვა ქვეყანამ, მაგალითად თურქეთმა ან ირანმა არ დაარეგისტრირა, საქართველოში შემოდის, რეგისტრირდება და ტვირთების გადაზიდვას ახორციელებს. აქ ხომ ჩნდება კითხვა, მისივე ქვეყნის სახელმწიფომ, რატომ არ დაარეგისტრირა? - ალბათ რაიმე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

კომპანიების მიმართ მინიმალური მოთხოვნები უნდა არსებობდეს, რომლის წინაშეც საქართველოსა და საზღვარგარეთის კომპანიები თანასწორუფლებიანები იქნებიან. გვაქვს სურვილი, რომ ეკონომიკის მინისტრს კონკრეტული რეკომენდაციები შევთავაზოთ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.