მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G&T-ის პროგნოზი: ლარის კურსი წლის ბოლოსკენ 3.1-3.2 ლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს

5f7b0e31ac5ba
ლიკა გურაბანიძე
05.10.20 16:30
2303
“ჩვენი შეფასებით, ლარის კურსი წლის ბოლოსკენ 3.1-3.2 ფარგლებში უნდა მერყეობდეს", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებაზე საუბრისას განმარტავს, რომ ასეთ დროს ყურადღება რეგიონში სხვა ვალუტების გაუფასურებასაც უნდა მივაქციოთ.

“მიმდინარე წლის სექტემბრიდან რეგიონში ლარი სხვა ვალუტებთან შედარებით ყველაზე მეტად არის გაუფასურებული. ყურადღება რეგიონის სხვა ვალუტებს უნდა მივაქციოთ, ეს იქნება ლირა თუ - რუსული რუბლი. ეს ორი ვალუტა სექტემბერში მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ბოლო წლებს თუ შევხედავთ, შესაძლოა ვთქვათ, რომ იაფი ლარის პოლიტიკა გვაქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეკონომიკის ლარით გაზრდილი დაფინანსება გვაქვს, როგორც მთავრობის, ასევე, ეროვნული ბანკის მხრიდან", - განმარტა ქავთარაძემ.

ასევე, ლაშა ქავთარაძე ლარის კურსის ბოლოდროინდელ მერყეობას რამდენიმე ფაქტორით ხსნის.

“როდესაც რეგიონში რაიმე რისკი ჩნდება და ეს გარკვეულ კრიზისში გადაიზრდება, ის ლარის კურსზე პირდაპირ ასახვას პოულობს. მიმდინარე პერიოდში ლარის გაუფასურება იმ უარყოფითი ფაქტორებით არის განპირობებული, რომელიც პანდემიის მოლოდინებს უკავშირდება.

ფაქტობრივად, მეორე ტალღა გვაქვს არა მარტო საქართველოში, არამედ - სხვა ქვეყნებში. ასევე, არის ლარის გაუფასურების რამდენიმე ფაქტორი: არჩევნებთან დაკავშირებული მოლოდინები, ასევე, სეზონურობა, წინა წლებში ლარის გაუფასურება შემოდგომაზე ხდებოდა. ასევე, ფისკალურ სტიმულს გამოვყოფდი, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში აჩქარებულია ანუ მიმდინარე ხარჯები მნიშვნელოვნად გაზრდილია. ამასთან აღსანიშნავია, საბანკო სექტორის სესხების ზრდა, იმიტომ, რომ მასზე მოთხოვნაა. ყველაფერი ერთად რომ შევაჯამოთ, ეს ფაქტორები ლარის კურსზე გავლენას ახდენენ", - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

ასევე, Galt&Taggart-ის ეკონომისტი საუბრისას, აღნიშნავს, რომ მომდევნო თვეებში ლარის კურსზე მცირედი ზეწოლა მოსალოდნელია.

“მოსალოდნელია, რომ დარჩენილ თვეებში ინფლაციაზე  მცირედი ზეწოლა იყოს და ეს იმ მაღალი ბაზით იქნება განეიტრალებული, რომელიც შარშან გვქონდა. თუ ლარის გაუფასურება, წლის ბოლომდე 3.2 ლარის ზემოთ შენარჩუნდება, შესაძლოა, ამას წლის ბოლომდე ინფლაციაზე ზეწოლა ჰქონდეს, მაგრამ საბოლოოდ, ყველაზე უკიდურეს სცენარში, შესაძლოა ინფლაცია 4% იყოს. თუ ლარის კურსი 3.1-3.2 ფარგლებში მოთავსდება, მაშინ ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე 3.5%-თან ახლოს იქნება", - განმარტა ქავთარაძემ.