05.მარტი .2020 13:05

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება

views 216
უკან

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შედეგად, 19 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება.

ამ 19 დასახლებიდან 11 სოფელი - ბერშუეთი, ახალუბანი, მეჯვრისხევი, ქერე, ხურვალეთი, ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ფლავისმანი, ქვემო ხვითი და ქვეში - მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, დუშეთის მუნიციპალიტეტს კი 8 სოფელი ეკუთვნის - ბაქაქურები, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ილტოზა, პეტრიანი, ქედელობა, ქვემო კოდისწყარო, ქვემო შუახევი.

საქართველოს მთავრობის ინიციატივის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კანონში შეიცვლება მაღალმთიანი დასახლების და ასეთ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისთვის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები.

ახალი ცვლილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მიენიჭებათ 800 მეტრ და მეტ სიმაღლეზე მდებარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომლის დასახლებების 80%-ს ან მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული, ასეთი მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებს კი სტატუსი მიენიჭებათ იმ შემთხვევაში თუ ეს ადმინისტრაციული ცენტრები მდებარეობენ 1000 მეტრ ან მის ზემოთ სიმაღლეზე.
იცვლება 2000 მეტრზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების 9 თვიანი პირობის ნაცვლად, საკმარისი იქნება 6 თვიანი პერიოდი.

ამ დროისათვის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე 59 დასახლება და ამ სოფლებში მცხოვრები 14 ათასამდე ადამიანი უკვე სარგებლობს შესაბამისი სტატუსით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა