მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე განმარტავს, რატომ მოიხსნა ლონდონის საფონდო ბირჟიდან "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი"

5f9531ff4ace2
ელენე გოგბერაშვილი
25.10.20 13:25
1753

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოხსნის გადაწყვეტილება 8 ივლისს მიიღო, რაც ძალაში 2020 წლის 5 აგვისტოს შევიდა. შედეგად, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. 

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკა გამყრელიძე დელისტინგის გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ #Forbesკვირა-ში, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

"დელისტინგი გადავწყვიტეთ სუფთა ტექნიკური მიზეზის გამო ანუ საქართველოში იყო 4 საერთაშორისო ბირჟაზე კვოტირებული კომპანია, იყო ორი ბანკი - საქართველოს კაპიტალი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი. მაკროეკონომიკური ფაქტორების გამო გლობალურადაც და ლოკალურადაც ეს 4 კომპანია მნიშვნელოვნად დაპატარავდა საბაზრო კაპიტალიზაციის კუთხით, შესაბამისად დაპატარავებამ გამოიწვია დღიური ვაჭრობის შემცირება, რასაც ჩვენ ლიკვიდურობას ვეძახით და ეს არ არის დაკავშირებული ფინანსურ ლიკვიდურობასთან; ეს არის დაკავშირებული დღიურ ვაჭრობასთან ბირჟაზე. შესაბამისად როდესაც ასე პატარავდები და დაბალი ლიკვიდურობა გაქვს, უკვე აღარ გიღირს ხარჯის გაღება საჯარო კომპანიად ყოფნისას.

ეს საკმაოდ დიდ ხარჯებს მოიცავს, რამდენიმე მილიონია ყოველწლიურად და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ეს ორი კომპანია, "საქართველოს კაპიტალი" და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ერთმანეთზე შეგვერწყა და მიგვეღო ერთი უფრო მსხვილი კომპანია, რომელსაც მეტი ლიკვიდობა ექნებოდა ბაზარზე.

ეს გადაწყვეტილება ჩვენმა სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო და დავასრულეთ ამიტომ ეს ტრანზაქცია ანუ სუფთა ტექნიკურმა ფაქტორებმა განაპირობა, თავისთავად მაკროეკონომიკურმაც, რომელმაც დააპატარავა ყველა კომპანია"-განაცხადა #Forbesკვირა-ში ნიკა გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი", რომელშიც „ევექსი", „იმედი L”, ასევე ფარმაცევტული კომპანიები იყო გაერთიანებული, „ლონდონის საფონდო ბირჟაზე“ 2015 წელს პრემიუმ კატეგორიაში დაილისტა.

2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 87 მილიონი ფუნტი სტერლინგი იყო. ბოლო 1 წელიწადში კი კომპანიის აქციები 70.3%-ით გაუფასურდა.