07.მარტი .2020 12:20

გამყრელიძე: პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არსებობს

views 704
უკან

გვექნება შემთხვევების მატება, მთავარია, მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. კორონავირუსის გავრცელების ბოლოს სტატისტიკის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა. ამ დროისთვის დადასტურებულია სულ 12 შემთხვევა.

კითხვაზე, არის თუ არა პანიკის საფუძველი, ამირან გამყრელიძე საუბრობს, რომ კორონავირუსი უკვე 97 ქვეყანაშია დადასტურებული, ყოველდღიურად ემატება ახალი ქვეყანა, ამიტომ ახალი შემთხვევები არ უნდა იყოს მოულოდნელი.

მისივე თქმით, პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არსებობს. გამყრელიძე ამბობს, რომ საჭიროა მეტი სიფხილზე ქვეყანაში, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მან მოუწოდა მოქალაქეებს, არ დამალონ სიმპტომები, მით უმეტეს, როცა ისინი მაღალრისკიანი ქვეყნებიდან(იტალია, ირანი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა) ბრუნდებიან სამშობლოში.

“ჩვენ ყველა ბრიფინგზე ვაჟღერებთ ინფორმაციას, რომ გვექნება შემთხვევების მატება, მთავარია, მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დავსვათ დიაგნოზი, გამოვიკვლიოთ ინფიცირებული, დავეხმაროთ მას კლინიკურად და მეორე მხრივ, აქტიურად ვეძიოთ კონტაქტები და მოვახდინოთ ამ კონტაქტების იზოლირება, ან თუ საჭიროა სწრაფი კვლევის ჩატარება. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კონტაქტების იდენტიფიცირება და ამაში თვითონ მოსახლეობა უნდა მოგვეხმაროს. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი გახლავთ იტალიიდან შემომავალი ჩვენი თანამემამულეები, ან იტალიელი ტურისტები. ამიტომ იცით, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, იტალიიდან მინიმუმამდე დადის შემოსვლის შესაძლებლობა. ანუ ფრენები შეწყვეტილია. ამასთან იტალიიდან ჩამოსული ყველა ადამიანი ექვემდებარება 2- კვირიან კარანტინს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ადამიანებს, ვისაც უფიქსირსდება სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ზოგადად სურდოს სიმპტომები - აუცილებელია მიმართონ ექიმს”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.