21.ივლისი .2020 21:33

გამყრელიძე: "ვმუშაობთ, რომ ოქსფორდის ვაქცინის მიმღებთა სიაში ვიყოთ"

views 672
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ დაშვების შემთხვევაში ოქსფორდის ინსტიტუტის მიერ შექმნილი ვაქცინა საქართველომ მიიღოს. როგორც გამყრელიძემ თქვა, ვაქცინის მთავარი გამოცდა, რაც გაფართოებული კვლევის ჩატარებაა, ჯერ კიდევ წინ არის.

„საქმის კურსში ვართ ამ და კიდევ ბევრი სხვა პერსპექტიული ვაქცინის შესახებ. ყველაზე ეფექტურად ითვლება სწორედ ბრიტანეთის, ოქსფორდის ინსტიტუტის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც თანამშრომლობს უდიდეს ფარმაცევტულ კომპანიასთან. ამ ვაქცინამ გაიარა  შემოწმების სამი ფაზა და ახლა დარჩენილია უფრო გაფართოებული კვლევის ჩატარება. 10-15 ათას ადამიანს უნდა ჩაუტარდეს გაფართოებული კვლევა და თუ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება და იმუნური პასუხის უნარი, შესაძლოა მისი მოხმარება გახდეს შესაძლებელი.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვმუშაობთ ამ კომპანიასთან. ერთი თვის წინ გვქონდა კონტაქტი აღნიშნული კომპანიასთან. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ე.წ. გავის კომპანიასთან, რაც არის დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვაქცინების გლობალური ალიანსი. დიდი ხანია მასთან გვაქვს კონტაქტები და მრავალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში სწორედ ამ ალიანსის მეშვეობით. სწორედ ამ ორი წყაროთი მიმდინარეობს მუშაობა და თუკი დამტკიცდება, რომ ვაქცინა ბაზარზე დაიშვება, საქართველოც დაშვებული იქნება რეციპიენტთა სიაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.