მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განაცხადს სამსახურის დაკარგვაზე არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელი ავსებს

5ea8133991daa
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.20 15:26
2806
200-ლარიანი კომპენსაციების გაცემის სქემა უკვე ცნობილია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მოქალაქეები, რომლებიც დაქირავებით იყვნენ დასაქმებული და მათ COVID-19-ის პანდემიის ფონზე შეუჩერდათ ხელფასის მიღება კომპენსაციებს მათი დამსაქმებლების მიერ ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილი დოკუმენტის საფუძველზე მიიღებენ. შესაბამისად, უმუშევრად დარჩენილების შესახებ ინფორმაციას თავად დამსაქმებლები წარადგენენ და არა დასაქმებულები.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, კომპენსაცია შეეხებათ იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც უფიქსირდებათ ხელფასის აღება. ასევე კომპენსაცია შეეხებათ მათაც, ვინც დამსაქმებლებმა არამხოლოდ გაათავისუფლეს, არამედ უხელფასო შვებულებებშიც გაუშვეს.

ლაშა ხუციშვილის განმარტება 200-ლარიან კომპენსაციასთან დაკავშირებით:

“თუ პირს აღარ ერიცხება ხელფასი - ის განთავსუფლდა სამსახურიდან, არის უხელფასო შვებულებაში თუ დამსაქმებელს აღარ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს ხელფასი, ყველა ამ პირს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

მაისიდან, დაიწყება კომპენსაციების გაცემა შრომის ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პირებისთვის. კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში - იანვარში, თებერვალსა და მარტში,
ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შედგომ თვეებში ვეღარ იღებენ შრომის ანაზღაურებას, ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს დამქირავებელი. კომპენსაციის ოდენობა არის თვეში 200 ლარი 6 თვის ვადით.

დამქირავებელი ყოველი თვის 15 რიცხვამდე, rs.ge-ზე ელექტრონულად წარადგენს იმ პირთა სიას, ვისზეც ხელფასი გაცემული აქვს 2020 წლის პირველ კვარტალში ერთხელ მაინც და შემდეგ თვეებში აღარ აუღიათ ხელფასი. პირველი საკომპენსაციო თვე იქნება 2020 წლის აპრილი. დამქირავებელი წარადგენს დაქირავებულის საბანკო რეკვიზიტებს, პირად მონაცემებს, საკონტაქტო ტელეფონს.

ყოველი თვის 20 რიცხვამდე დამსაქმებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური აკეთებს საკომპენსაციო პირების ერთიან სიას და მას უგზავნის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საიდანაც მოხდება უშუალოდ თანხების ანაზღაურება,”- ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.